ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით სერგეენკო: სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაშავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.

მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება. კიდევ ორი დაშავებული კი კლინიკაში რჩება.

„ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....