ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, რადგან ის არაფერს წყვეტს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, დღეს წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით  თავის  უარყოფით პოზიციაზე ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა პრემიერის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ “გიორგი კვირიკაშვილის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს.”

“პრემიერის განცხადება ძალიან ცინიკური და დაგვიანებულია. თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსების არგამოყენებაზე, მაშინ მთელი ამ თვეების განმავლობაში რამე უნდა გაეკეთებინა “ქართულ ოცნებას”. როდესაც გამოდიხარ იმ მიტინგებზე, როგორც კვირიკაშვილი, სადაც სკოლის მოსწავლეები არიან ორგანიზებულად მოყვანილი და მერე გამოდიხარ და მორალს მიკითხავ, რომ თურმე ეს მიუღებელია, ეს არის საზოგადოების დაცინვა. არჩვენები, რომ არ უნდა იყოს ძალადობრივი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს, რომ  კალაძის მიერ ორგანიზებულმა ორკების ჯგუფმა კორცხელში, კამერების წინ ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლები დაარბიეს. იქ ცემა-ტყეპა მოაწყვეს, გამოვიდა კვირიკაშვილი და თქვა, რომ დაისჯებოდნენ დამნაშავეები. შემდგომ ეს დამნაშავეები დააფინანსეს და მაიამიში გაუშვეს.  პრემიერის სიტყვას აქვს ნულოვანი ფასი, რადგან ის არაფერს წყვეტს და  როცა მიუცია საზოგადოებისთვის სიტყვა, არ შეუსრულებია,” – აცხადებს ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რამდენიმე დღის წინ, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხს შეეხო. მან სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობისკენ მოუწოდა.

“მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე”, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ მმართველი გუნდის სიძლიერეა განსხვავებული აზრის პატივისცემაშია.

“ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია  დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს, მას  შემდეგ  ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება.  მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდი ტრანსფორმაციას, რომელიც ქვყენაში განხორიცელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....