“ქართული ოცნების” შტაბი ხვალ საღამოს გეგმავდა, ჩემი facebook გვერდის გატეხვას და ჩემი სახელით დაწერას, რომ თითქოს მე კანდიდატურა მოვხსენი და აღარ ვიყრი კენჭს”- ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა – “წყალში მინდა ჩავუყარო მათ ეს მაიმუნური ხრიკი”- აღნიშნა ელისაშვილმა.
ელისაშვილი განმარტავს, რომ ის კანდიდატურის მოხსნას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე:
“მე მსგავს რამეს არ ვაპირებ და 42 ნომრად, მერობის კანდიდატების ბიულეტენზე იქნება ჩემი სახელი და გვარი. ეს ინფორმაცია კი ძალიან სერიოზული წყაროებიდან მაქვს მიღებული, “ქართული ოცნების” შტაბი აპირებდა ამას. აიტაცებდნენ “ოცნების” მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ საძაგელ და საშინელ კამპანიაში არიან ჩართულები” – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მეორე ტური არის გარდაუვალი, ხოლო ნებისმიერი გაყალბება და “საარჩევნო ხრიკი”, წყალში ჩაიყრება თუ კი იქნება ბევრი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე:
“მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება შევცვალოთ. მინდა, რომ ყველამ კარგად გაიაზროს. აქ ჩემზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყანაზე და ჩვენს შვილებზე. თუკი ხელისუფლება ვერ შევცვალეთ, სულ “ქართული ოცნება” და ის დაუსჯელობა, მექრთამეობა იქნება, რაც ახლაა”- აღნიშნა ელისაშვილმა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.