ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სიმსივნით გარდაცვალების ფაქტები არ გაზრდილა, ეს შედეგი კი უწყების მიერ დანერგილმა ახალმა სისტემამ – კიბოს რეგისტრმა განაპირობა.
მინისტრი ამ განცხადებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკას შეეხება.
“2015 წელს შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა, დავნერგეთ თანამედროვე, ე.წ. კიბოს რეგისტრი. თუ წელიწადში აღირიცხებოდა დაახლოებით 7000 შემთხვევა, ყოველ წელს, მოგვდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან შეტყობინება, რომ ეს იყო არარეალური ციფრი, თქვენი მონაცემებით შედეგი 12 ათასამდე უნდა გქონდეთო. რეგისტრაციის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა დაახლოებით 12 ათასი შემთხვევა. ჩვენი ამოცნობის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. იყო არა 7000, არამედ, სამწუხაროდ, 12 000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაციაც არ ხდებოდა და სიკვდილიანობის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი. 45-დან შემცირდა 25%-მდე. ესაა მთავარი მიზეზი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ ეკოლოგიის მიმართულებით”, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე დადებითი შედეგი იქონია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამაც.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს მოიცვა მოსალეობის ნახევარი, რომელიც იქამდე სრულად იხდიდა სამედიცინო მომსახურების თანხას. ეს იყო ძალიან დადებითი ინტერვენცია ამ სფეროში. მოსახლეობის ნახევარს მიეცა საშუალება მიემართა ექიმისთვის, მათ შორის სკრინინგზე და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე. რა თქმა უნდა, ამან პოზიტიური შედეგი იქონია ამ მიმართულებით”, – განაცადა მინისტრმა.
16 ოქტომბერს, საქსტატზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი სამი მიზეზი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა, სიმსივნე და სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობაა. ამაზე მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ მონაცემები რეალურ სურათს არ შეესაბამება.