უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” საგამოძიებო უწყებაში დადუდასტურეს. ნანა კაკაბაძის ინფორმაციით კი, საქმე ეხება გუშინ მის მიერ შეტანილ საჩივარს.
კაკაბაძემ პროკურატურას სოსო ოხანაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. უფლებადამცველი ითხოვს, პროკურატურამ შეისწავლოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის მიერ ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოხანაშვილმა ნანა კაკაბაძე, ეკა ბესელია და ირმა ჭკადუა პატიმრების შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.
“პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე. თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, და ცხადია, ის რაც ბუნებაში არ არსებობს, არც დადასტირდება, მაშინ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ აღიძრას საქმე ცრუ დასმენის ბრალდებით”, – ამბობს ნანა კაკაბაძე, რომელსაც მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღის განმავლობაში ელოდებიან.
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რითიც ოხანაშვილის მიერ ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
განცხადებაშაში ასევე გაკრიტიკებულია ტელეკომპანია “რუსთავი2”, რომელიც დაინტერესებულ მხარედ არის მოხსენიებული.
“რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.
ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.
სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება; ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.
საპატრიარქოსთან არსებული ,,მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს. სიების შედგენაში კი, აღნიშნულ ქალბატონთაგან არცერთს არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია (გარდა ქ-ნი მზექალასი; ამას იგი თავის თანამშრომლებთან ერთად აკეთებს).
იმავე გადაცემაში პატიმრებთან დაკავშირებით ეკლესიის ჩართულობის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადეს.
ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.
დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.
primetime.ge