საქართველოში ლაბორატორია, რომელიც ადამიანის ტყვიით მოწამვლის წყაროს ადგენს, არ არსებობს
ადამიანების ტყვიით მოწამვლის შესახებ განგაში საქართველოში მას შემდეგ ატყდა, რაც აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა ქართულ სუნელებში მისი დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. თუმცა, მხოლოდ კონკრეტული საკვები პროდუქტი არ შეიცავს ამ ტოქსიკურ ლითონს. ტყვიით გაჯერებულია ჰაერი (მაგრამ, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისში ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია 2008 წლის შემდეგ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს), საკვები, სასმელი, სამოსი და ბავშვის სათამაშოებიც კი, რომელთა დიდი ნაწილის მოხმარების საშიშროების შესახებ, სახალხო დამცველი ანგარიშებს ყოველწიურად ამზადებს.
ტყვიით მოწამვლა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სამედიცინო წარმომადგენლების თქმით, ის გავლენას ახდენს ფაქტობრივად ყველა – ნერვულ, ჰემატოლოგიურ, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე სისტემებზე. მოზრდილებთან ტყვიით მოწამვლა იწვევს წნევის მომატებას, ნერვულ აშლილობას, გაღიზიანებას, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, ზოგჯერ – უნაყოფობასაც კი; აქვეითებს ყურადღების კონცენტრირების უნარს, ასუსტებს მეხსიერებას; ბავშვებთან მოსალოდნელია ანემია, მუცლის ძლიერი ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე და თავის ტვინის დაზიანება, ჰიპერაქტიურობა, კითხვისა და მეტყველების უნარების დაქვეითება, კოორდინაციის გაძნელება, ქცევის პრობლემები. აკადემიური მოსწრება იკლებს, ინტელექტის მაჩვენებლები უარესდება, ზრდა და განვითარება ფერხდება. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას მცირე რაოდენობს ტყვიაც კი ვნებს. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულებიც… რაც მთავარია, მისით მოწამვლა ხშირად უსიმპოტომოდ მიმდინარეობს.
„მეტრონომი“ დაინტერესდა, ამ სახიფათო ტოქსინით მოწამვლის დადგენა და შემდეგ მკურნალობა, საქართველოში თუ არის შესაძლებელი.
როგორც გავარკვიეთ, ორგანიზმში ტყვიის არსებობის შესამოწმებელი ანალიზი მხოლოდ კლინიკა „ლიმბახში“ კეთდება, რომლებიც გერმანიაში აგზავნიან მას და პასუხს იქიდან იღებენ. ტყვიით მოწამვლის კვლევის ხანგრძლივობა 10 დღეა. ღირებულება 104 ლარს შეადგენს. როგორც „ლიმბახში“ „მეტრონომს“ განუცხადეს, თუ ანალიზი სამწუხარო შედეგს, ტყვიით მოწამვლას აჩვენებს, პაციენტმა ექიმს უნდა მიაკითხოს.
ვინ არის ექიმი, რომელიც ტყვიით მოწამვლისას პაციენტის მკურნალობას იწყებს?
როგორც ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ „მეტრონომს“ განუცხადა, ბავშვებს ამ დროს იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, რაც შეეხებათ მოზრდილებს, ამ დროს საქმეში ექიმი-ტოქსიკოლოგი ერთვება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოწამვლის წყაროს დადგენა, თუმცა, საქართველოში დაწესებულება, რომელიც ამ წყაროს აღმოაჩენს, არ არსებობს:
„ოფიციალური დაწესებულება, რომლის თანამშრომლები მივლენ პაციენტის სახლში და გაარკვევენ ტყვიით მოწამვლას რა წყარო იწვევს (ავეჯი, სამოსი, საკვები, ჰაერი თუ სხვა), რომ შემდეგ არ გაგრძელდეს ამ წყაროსგან მოწამვლა, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს. მაგალითად, აშშ-ში რომ აღმოჩნება, პაციენტს ტყვიით მოწამვლა აღენიშნება, მიდიან მის სახლში და წყაროს ეძებენ.
რაც შეეხება ტყვიით მოწამვლის მკურნალობას, ეს კლინიკაში ხდება. ამ დროს სპეციალური მითითებები და რეცეპტები გაიცემა ექიმისგან. ექიმი ამ დროს ცდილობს ტყვია პაციენტის ორგანიზმიდან გამოდევნოს, სწორად შეურჩიოს დიეტა და ა.შ. ფაქტია, რომ შეუძლებელია მკურნალობას კონკრეტული ხასიათი ჰქონდეს საქართველოში, რადგან არ ხდება მოწამვლის ზუსტი წყაროს დადეგნა (ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჰაერი, ეს შესაძლოა იყოს საკვები, სამოსი, ავეჯი, სათამაშოები და ა.შ. ). ტყვიით მოწამვლას სპეციფიური მკურნალობა სჭირდება…“ – განაცხადა ღვინერიამ.
„მეტრონომი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა აღნიშნულ თემაზე პასუხის მისაღებად, თუმცა უწყებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან გადაგვამისამართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ „მეტრონომისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს ადამიანის საცხოვრებელში ტყვიის შესაძლო მოწამვლის წყაროს და ასევე, შესაბამისი ლაბორატორია, არ არსებობს.
რაც შეეხება მკურნალობას, როგორც ცენტრში გაგვიცხადეს, ის ექიმ-ტოქსიკოლოგს ეხება:
„ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში სპეციალურ მკურნალობას ანტიდოტების გამოყენებით აწარმოებს ტოქსიკოლოგი (ანტიდოტები მძიმე ლითონებით ინტოქსიკაციის დროს გამოიყენება). მძიმე შემთხვევებში დარღვევები შესაძლოა სათანადო მკურნალობითაც კი ვერ აღმოიფხვრას, ამიტომ გადამწყვეტი როლი პრევენციას ენიჭება.“ – ნათქვამია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პრევენცია კი გულისხმობს ადამიანის ორგანიზმის დაცვას ტყვიით მოწამვლისგან. აქ უკვე კვლავ იმავე წრეზე ვხვდებით: გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ ჰაერში ტყვიის დასაშვები ზღვარია, ამ დროს, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტი მხოლოდ ქართულ სუნელშიც კი დაუშვებელი რაოდენობით ტყვიას პოულობს, ქვეყანაში კი არ არსებობს დაწესებულება (გარემოს ეროვნული სააგენტოს გარდა, რომელიც ჰაერში ტყვიის რაოდენობას იკვლევს), სადაც პაციენტის ტყვიით მოწამვლის წყაროს დაადგენს და ის ექიმისგან ზოგად ინფორმაციას არ მიიღებს, რომ მიზეზი შესაძლოა ჰაერია, ან წყალი, ან საკვები და ა.შ…
სახლის პირობებში ტყვიით მოწამვლისგან დაცვის პრევენციისთვის კი სპეციალისტები შემდეგ რჩევებს იძლევიან:
კვირაში ერთხელ მაინც სველი წესით დაალაგეთ ოთახები;
სველი წესით გაასუფთავეთ ავეჯი და სხვა ზედაპირები, რომლებზეც შესაძლოა მტვერი იყოს დაგროვილი;
ხშირად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები;
მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ
მიაწოდეთ რკინით, კალციუმითა და ცილებით მდიდარი საკვები – ისინი ტყვიის მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდიან;
მოარიდეთ მეტისმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ცხიმი ორგანიზმში ტყვიის დიდი ხნით შეკავებას უწყობს ხელს;
თუ ძველი სანტექნიკა გაქვთ, რომელიც ტყვიის შემცველი მილებითაა აწყობილი, გამოყენებამდე ერთი წუთის განმავლობაში აცადეთ წყალს თავისუფლად დენა;
ნუ გამოიყენებთ ონკანის ცხელ წყალს ბავშვის საკვების მოსამზადებლად;
6 თვიდან ბავშვს პერიოდულად ჩაუტარეთ შესაბამისი გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინდუსტრიულ რაიონში ან დედაქალაქში ცხოვრობთ;
ნუ ასეირნებთ ბავშვს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში (ტყვიას მანქანის გამონაბოლქვიც შეიცავს), ერიდეთ ასეთ გარემოში თუნდაც მცირე ხნით ყოფნას;
ორსულობის დროს კატეგორიულად იკრძალება ისეთ საწარმოში მუშაობა, სადაც მაღალია ტყვიით მოწამვლის რისკი;
ნუ მოაშორებთ კედელს ძველ საღებავს ზუმფარის ქაღალდით – ეს ჰაერში წვრილი ნაწილაკების დიდი რაოდენობით გამოფრქვევას გამოიწვევს;
ჯობს, კედელს ზემოდან გადაუსვათ ახალი საღებავი ან დაფაროთ თაბაშირ-მუყაოსა თუ სხვა ტიპის კონსტურქციით;
ამ სამუშაოების შესრულების დროს ჩაიცვით დახურული ტანსაცმელი;
სამუშაო ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ თავი;
სამუშაო ტანსაცმელს ნუ გარეცხავთ სხვა ტანსაცმელთან ერთად;
ნუ შეჭამთ იმ გარემოში, სადაც მუშაობდით…
მანა ნოდია