ახალი ამბები მთავარი სამართალი

„რატომ დატოვა რეზონანსულმა ადამიანმა საპყრობილე არჩევნებამდე 5 დღით ადრე“: კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია

ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა მინდია გორაძემ, იგივე  „ლავას ოღლიმ“  საპატიმრო დაწესებულება დატოვა. დატოვებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან საქართველოს საზღვარი გუშინვე გადაკვეთა. „მეტრონომთან“ მისმა ადვოკატმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, რომელ ქვეყანაში წავიდა მინდია გორაძე, ადვოკატი არ აკონკრეტებს.  გორაძის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მას პატიმრობის ვადა ამოეწურა, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაუმტკიცა, რომ  ის კანონიერი ქურდია.

ადვოკატის თქმით, ის უკვე 20 თვეა საპატიმრო დაწესებულებაშია და საპატიმრო ვადა 17 ნოემბერს, ანუ დღეს ამოეწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლუ“, 2016 წლის 30 იანვარს მოლდოვიდან დეპორტირებული თბილისის აეროპორტში სწორედ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა.

2016 წლის 30 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ „მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები“.

საგამოძიებო უწყებამ მაშინ დაასახელა კონკრეტული მუხლები, რითაც მინდია გორაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – ვკითხულობთ უწყების მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში.

20 თვის წინ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე ვკითხულობთ, რომ მინდია გორაძე  ე.წ. კანონიერი ქურდი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებდა და მიმდინარეობდა ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები, რათა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება მომხდარიყო.

გორაძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოზე გამოძიებამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რომ გორაძე ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ის ვინმეს ან ემუქრება, ან ფულს სძალავს.

ადვოკატი კობაიძე ამბობს, რომ  მინდია გორაძეს დაკავებისას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. შესაბამისად, მისთვის 9 თვეში უნდა დაემტკიცებინათ, რომ ის კანონიერი ქურდი იყო და ჩადენილი ჰქონდა ზემოთ მითითებული დანაშაული.

კობაიძის განცხადებით, საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, 30 ნოემბერს კიდევ ერთი სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, სადაც დაცვის და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით გამოვლენ. ადვოკატი ამბობს, რომ  ბრალდების მხარემ ყველა თავისი მოწმე წარმოადგინა, რომლებმაც ვერ დააკონკრეტეს, რის საფუძველზე ამბობდნენ, რომ „ლავას ოღლუ“  ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მინდია გორაძეს მოსამართლე უდანაშაულოდ სცნობს.

„კანონის მიხედვით, მინდია გორაძის მიმართ სასამართლო გამოძიება 2016 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. წინასწარი პატიმრობის ვადა მინდია გორაძეს 2016 წლის 30 ოქტომბერს ამოეწურა. მას წაყენებული ბრალი ვერ დაუმტკიცეს და წესით უნდა გაეთავისუფლებინათ კიდეც, მაგრამ წინასაპატიმრო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მინდია გორაძეს, დაინახეს რომ ბრალს ვერ უმტკიცებდნენ, ვერაგულად, ახალი ბრალი  366-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც  სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს.

ეს საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა 2017 წლის 28 მარტს სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისთვის, უფრო ზუსტად კი საქმის მონაწილე პროკურორის შეურაცხყოფისთვის, ერთ წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან ჯამში, ორი წელი სრულიად ტყილად მოიხადა“. – ამბობს ადვოკატი.

მისი ტქმით, სასამართლოზე ბრალდების მხარემ ხუთი მოწმე მოიყვანა, რომელთაგან ვერცერთმა ვერაფრით დაამტკიცა, რომ გორაძე კრიმინალური ავტორიტეტია.

მისივე ინფორმაციით, უცნობია მინდია გორაძემ დატოვა თუ არა ქვეყანა. თუმცა დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში მას სასამართლო უდანაშაულოდ სცნობს.

შეგახსენებთ, ლავას ოღლუს“ სახელი  2014 წლის  27 დეკემბერს , ღამით ბათუმში, კლუბ „ლეგასში“  პოლიციელის მკვლელობაში  ფიგურირებდა. პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძესთან, იგივე „ლავას-ოღლისთან”.

მედიაში მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ლავას-ოღლი“ კანონის დარღვევით 19 ივნისს, ბათუმში ერთი დღით იმყოფებოდა და მეგობრების წრეში, სასტუმრო “გოლდენ  პალასში” ივახშმა, მას ბათუმში სწორედ დევაძე დაჰყვებოდა და მასპინძლობდა.

პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე, ამ მკვლელობამდეც იყო ცნობილი. ის ბათუმში პოლიცელის ცემის გამო დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მოგვიანებით გაათავისუფლეს.

როგორც მაშინ მედია წერდა, საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და აჭარის შსს სამმართველოს უფროსი თამაზაშვილი ჩაერია, რის შემდეგაც 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დევაძე გაათავისუფლეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მფარველობდა. „benewsbatumi“-ის ინფორმაციით, რამაზ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა მინდია გორაძემ, იგივე „ლავას-ოღლიმ“, „სპორტსმენ კრიმინალთა“ ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც  დანაშაულებებს დევაძის ხელმძღვანელობით ჩადიოდა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, დევაძე და მისი ჯგუფი დიდი ხნის მანძილზე  ხელშეუხებლები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციელის  მკვლელობის შემდეგ დევაძე საქართველო თურქეთის საზღვრის ქართველმა მესაზღვრეებმა დაუბრკოლებლად გაატარეს, ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ქართულ  მხარეს გადმოსცეს.

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტის „ლავას ოღლის“ გათავისუფლება არჩევნებს უკავშირდება. მისი აზრით, ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავება თავად ხელისუფლებას აწყობდა, ხოლო ახლა, არჩევნების წინ ის გაათვისუფლეს, რადგანაც ხელისუფლებასა და კრიმინალებს შორის კავშირი აღდგეს.  თარგამაძე ამბობს, რომ „ლავას ოღლუს“ მეთაურობით არსებობდა ჯგუფი, რომელშიც სპორტსმენები და მოჭიდავეები შედიოდნენ, რომლებიც ბათუმში ქუჩას მართავდნენ.

,,საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი ცხადია რაზეა საუბარი. როდესაც არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და ასეთი რეზონანსული ადამიანი ტოვებს საპყრობილეს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან კონტაქტით მოვიდა, ეს კონტაქტი ახლა განახლდა.

ჩვენმა აქტიურობამ ხელისუვლება აიძულა თავის დროზე, რომ დაეპატიმრებინათ ლავას ოღლი. ახლა ჩათვალეს, რომ დრო გავიდა და მას ათავისუფლებენ. ყველას ახსოვს კორცხელის ისტორია, ბათუმში მსგავსი ამბები გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით ხდებოდა 2013 წლიდან ამ ყველაფერს ის ხელმძღვანელობდა.

ლავას ოღლის მეთაურებით არსებობდა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ სპორტსმენები და მოჭიდავეები. ერთ-ერთმა მათგანმა როგორც გახსოვთ, მოქმედი პოლიციის 20 წლის ოფიცერი მოკლა, იმედია, მას მაინც არ გამოუშვებენ. ეს ჯგუფი შენარჩუნებულია და ელოდება თავის ხელმძღვანელს და მიიღებს იგივე დავალებას არჩევნებთან დაკავშირებით“ – განაცხადა გივი თარგამაძემ „პირველ რადიოსთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....