ქუთაისის მერის, შოთა მურთულიას განცხადებით, ქალაქში ასეთი დიდი რაოდენობის ნალექი ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, მდინარე ოღასკურამ გადაუღებელი წვიმებს ვერ გაუძლო და ადიდდა. მერის განცხადებით, მათ მდინარეს ყველა გასასვლელი გაიხსნეს, თუმცა მას ეს ფართობი ფიზიკურად არ ჰყოფნის და გზაზე გადმოდის.
,,12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა ქუთაისში, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლებოდა მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასკურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში,”- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურთულიამ.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია. ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. “მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა.” – დასძინა ქუთაისის მერმა.