“გორგიას” მფლობელის, გია გორგოშაძის არშემდაგრი გატაცების საქმეზე, შსს ერთ-ერთ ვერსიად ყოფილი მეუღლის მხრიდან გატაცების დაგეგმვასაც განიხილავდა და ამ მხრივ გამოძიებას აწარმოებდა, -ინფორმაციას “კვირის პალიტრა” ავრცელებს. ოპერატიულ ვიდეომასალაში, რომელზეც გამოძიების ვერსიით, გამტაცებლები ნაქირავებ ბინაში არიან დაფიქსირებული, ბრალდებულები ორი ქალბატონის ნინოს და ლალის სახელებს ახსენებენ. “კვირის პალიტრა” ერთ ერთი ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებამდე მიცემული ჩვენებიდან ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ გატაცება შეუკვეთეს და გამტაცებელები “შემკვეთის გადადგებას” , მისთვის მხოლოდ ნახევარი მილიონის მიცემას და ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. კიდევ ერთ ციტატა ჩვენებიდან, რომელსაც კვირის პალიტრა აქვეყნებს- “გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო”.
“გორგიას” მფლობელის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ადვოკატი, არჩილ ჩუბინიძე, “კვირის პალიტრასთან” აცხადებს, რომ გამოძიებას ამ ვერსიის გასამყარებლად მტკიცებულება არ აქვს:
“გორგოშაძის მიერ ნინოზე მიცემული ინფორმაციის გარდა, არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არა აქვს. მან მიუთითა სამართალდამცველებს დარსალიაზე. დაკავებულებსა და დარსალიას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, არც ჩხრეკის დროს აღმოჩენილა ამის მამხილებელი რაიმე დოკუმენტი. ეს რომ დადასტურებულიყო, როგორ ფიქრობთ, დარსალიას პოლიციის შენობიდან გამოუშვებდნენ და არ დააკავებდნენ? გამომძიებლებს გაუკვირდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს ფინანსური დავა, რომელიც დღემდე დაუსრულებელია.
ნინო კატეგორიულად ითხოვს მის წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობის საქმის დასრულებას და გორგოშაძისა და ყოფილი დეპუტატის – ნანა ყეინიშვილის დაკავებას, რომელიც იმხანად “წითელი ჯვრის” ხელმძღვანელი იყო. გორგოშაძემ მას ნინოს ფული, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი მისცა აფრიკაში ოქროს ბიზნესში ჩასადებად. როცა ნინომ ამ ბიზნესის შესახებ მოიკითხა და შემდეგ თანხა უკან მოითხოვა, ყეინიშვილმა საერთოდ უარყო ფულის აღების ფაქტი, ხოლო როცა დეპუტატი გახდა, მუქარების შემოთვლა დაიწყო. როგორც ჩანს, გორგოშაძე სამართლებრივად ვერ აგვარებს პრობლემას და არ არის გამორიცხული, სპექტაკლი დადგა – ნინოზე მიუთითა, რათა ყოფილი ცოლი მოიშოროს.
იმ ბინაში დამონტაჟებულია კამერა და ოთხეულიდან ან ყველა აგენტი იყო, ან რომელიმე მათგანი. პოლიცია ინფორმირებული იყო და რატომ პირდაპირ იმ ბინას არ მიადგნენ და რატომ გატეხეს სადარბაზოს ნახევარი ბინები? თუკი პოლიცია ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა – კამერა დაამონტაჟა სახლში, ან თუნდაც აგენტი ჰყავდათ შეგზავნილი, არ იცოდნენ, რომელი კარი უნდა გაეტეხათ? ქალბატონი ნინო ლეგიტიმური საჩივრით მიმართავდა პროკურატურას და გორგოშაძისგან დასაბუთებულად ითხოვდა 10 მილიონ დოლარს და ადამიანებს, რომლებიც თითქოს დარსალიამ დაიქირავა, რატომ უნდა გამოეძალათ 5 მილიონი და არა 10 მილიონი?
გორგოშაძეს ბათუმში მცირე ბიზნესი ჰქონდა და 2003 წელს ნინო მენეჯმენტის სპეციალისტად მიიწვია. დარსალიამ კონტაქტებისა და საკუთარი ქონებრივი შენატანების საშუალებით (გაყიდა სახლი, ოქროული…) ბიზნესის სოლიდურად გაზრდა შეძლო. ამის შემდეგ მათ ჯვარი დაიწერეს და თბილისში გადმოვიდნენ. ნინოს თანხებითა და ჩართულობით გაიზარდა “გორგიას” წლიური ბალანსი, ბრუნვა და შემოსავალი. ასე რომ, ამ ბიზნესში ნინოს საკუთარი წილი ჰქონდა. თუმცა, იმხანად გორგოშაძეს გამოძიებისთვის ჩვენება აქვს მიცემული, სადაც ამბობს, დარსალიას არანაირი წილი არ ეკუთვნის, მან მე გამიტაცა, ჯადო გამიკეთაო. მერე ბოდბეში წავედი, წყალში ჩავყვინთე და რომ ამოვყვინთე, ჯადო ამეხსნა და გონება გამინათდა – ამის მერე ბებერ ცოლს (44 წლისას) გავშორდი და 10 დღეში 20 წლის გოგო, თანამშრომელი მოვიყვანეო. მილიონერმა კაცმა ისეთი სულელური ჩვენება დაწერა, მთელი პოლიციის სამმართველო ხარხარებდა.”-აცხადებს ადვოკატი.
ნინო დარსალია, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე: ” ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა, ჩემკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება”.
ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქმე ეხება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობას.
შეგახსენებთ, “გორგიას” მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს.
”შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.