შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის, -ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათ მიერ შემოწმებული სათამაშოები ჩინური წარმოებისაა:
“შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის. გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
კონფერენციას “უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები” სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც ესწრება. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.