საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, პარტიის მთლელი რესურსი ვითარების დაძაბვის მცდელობაზეა მობილიზებული.
“ნაცმოძრაობის” მთელი რესურსი დღეს ვითარების დაძაბვის მცდელობაზეა მობილიზებული. არ გამოსდით! არაერთხელ სცადეს, ხან ერთად მყოფებმა ხან გაშლილი ფრონტით, ახლა ვითომ გაევროპელებულ ფრთასთან ერთად, ხან ვითომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად, სოციალური სიდუხჭირის გასაპროტესტებლად, ხან საგარეო კურსთან, ხან კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოგონილი საკითხებით.
ანუ იმ პრობლემებს იღებენ “ბრძოლის” ლოზუნგად, რომელთა შექმნას წლები მოანდომეს. რეიტინგის დაქვეითების გამოხატულება მხოლოდ მრავალათასიანი მიტინგების მოწყობის წარუმატებელ მცდელობებში არ მდგომარეობს. ხრიოკი ადგილის ბაღნარად ქცევის რეალობა, ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა, მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინვესტიციები, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, საპენსიო ფონდის შექმნა და პრობლემების დაძლევის რეალური პერსპექტივა აჩენს მათი მარგინალიზაციის წინაპირობას.
იციან რომ კახა აუცილებლად მოახდენს დაგეგმილის რეალიზაციას, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით ეფექტური იქნება თანაინვესტირების ფონდის მილიარდიანი პროექტებიც. სხვა რაღა დარჩენია ზალიკოს, იქნებ უზრდელობით მაინც მიიქციოს ყურადღება”, – წერს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირიდან სოლოლაკში, ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.
“გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად” ეს იყო აქციის ლოზუნგი. აქციის დასრულებამდე, “ენმ”-ს მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
“ჩემო ძვირფასებო, 5 დღეში ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანაში ვითარებას”.- განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის გარდა, “ენმ”-ს სხვა ლიდერებმაც მიმართეს შეკრებილ ადამიანებს და ყველას 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ, არჩევნები გაყალბდება, “ენმ” ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქციების გამართვას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი და პუშკინის სკვერის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცა.