ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის პროტესტს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იოსებ ოსორაულის მეამბოხეების ტყვეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად.

ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯის შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში მადლობას უხდის სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდა მის გასათავისუფლებლად.

მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა (რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არცერთი წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო და შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია.

ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციის გამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან ისინი იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....