ახალი ამბები კულტურა მთავარი პოლიტიკა

აფხაზური მხარე: “ევროპარლამენტი აფხაზეთში ძეგლების დაცვის საკითხს განიხილავს”

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია მოხარულია ევროპარლამენტარის გამოხმაურებით “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ვიდეომიმართვაზე. ამის შესახებ ინფრომაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“გამოდის, ასეთი კრეატიულობით იმას მივაღწიეთ, რომ ევროპარლამენტი აფხაზეთში ძეგლების დაცვის საკითხს და მთლიანად მის კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავს “, – აცხადებს აფხაზურ მედიასთან საუბარში კან ტანია.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კეთილი ნების ელჩებმა კულტურული ძეგლების დაცვის საკითხთან დაკავშირებით იუნესკოსა და გაეროს კეთილი ნების ელჩების ყურადღების მისაქცევად ვიდეომიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს.

“ვიმედოვნებთ, აფხაზეთში უნიკალური ტაძრების დაცვის პრობლემასთან დაკავშირებით იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურების ყურადღების მიქცევას შევძლებთ. ბედიის, ლიხნის, ბზიფის, ბიჭვინთის, მოსკოვისა და ანაკოფიის ტაძრები არა მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის, მთლიანად კაცობრიობის არქიტექტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებია. აფხაზეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების არარსებობის პირობებში, პოლიტიკური ბარიერების არსებობის გამო, სასწრაფოდ განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათ აღსადგენად შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის იუნესკოს ყურადღების მიქცევა ვერ ხერხდება”, – ნათქვამია მიმართვაში.

კან ტანია იქვე განმარტავს, რომ “1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზური კულტურული ძეგლებს ანადგურებდნენ, გაჰქონდათ აფხაზი ხალხის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და სიწმინდეებს”.

“იმ ძეგლების დაცვა, რომელიც პირველ საუკუნეებს მიეკუთვნება, მადლიერი და ბრძნული ინიციატივაა. თქვენ უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. ასევე მიზანშეწონილი იქნება, თუკი ევროპარლამენტი კეთილი ნების ელჩების ინიციატივას მხარს დაუჭერდა და ქრისტიანული ძეგლების დაცვის მექანიზმების განხვილვას ინიცირებას გაუკეთებდა. ჩევნ არ უნდა დავკარგოთ ეს უნიკალური მემკვიდრეობა”, – დაწერა ევროდეპუტატმა, პოლონელმა მაიკლ მარუსიკმა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წლის ბოლოს “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” ევროპარლამენტში გაემგზავრებიან, რათა უშუალოდ ესაუბრონ ევროპარალამენტარებს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.

“როგორი ფორმატი იქნება, უახლოეს დროში გადაწყდება ეს, თუმცა, სურვილი გვაქვს უფრო დეტალურად განგვემარტა ჩვენი პოზიცია და პრობლემატიკა”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, საქველმოქმედო მოძრაობა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” სოციალური მხარდაჭერისა და სპორტის, კულტურის სფეროში საქველმოქმედო პროექტების რეალიზაციის გარდა, აფხაზეთის გარეთ მისი პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად მუშაობს.

“ჩვენი აზრით, ეს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების მიღწევამდე მიგვიყვანს”, – ამბობს კან ტანია.

აფხაზური მხარის ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მედიასთან განაცხადა:

“ვერანაირ კრიტიკას უძლებს და უბრალოდ რეალობას აცდენილია, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებაზეა საუბარი. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ როგორც ადამიანურ [პროფესიულ], ასევე ფინანსურ რესურსს, მათ შორის იმისთვის, რომ პირველ რიგში მოხდეს მონიტორინგი და რეალური შეფასება ძეგლების დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობის, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების გამოვლინება და დაუყოვნებლივ სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

ჩვენ რიგგარეშე ანგარიშს კიდევ გავაგზავნით, ისევ განვაახლებთ და დავუდასტურებთ ჩვენს მზაობას ამ წინადადებებთან დაკავშირებით. ბევრი ძეგლი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არაერთი ინფორმაცია გაქვს სხვადასხვა ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოებისა. იქაც ზოგ შემთხვევაში პროფესიონალიზმის ან ცოდნის ნაკლებობის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართულად ქართული კვალის წაშლის თვალსაზრისით, მიუღებელი პროცესები ვითარდება”.- აღნიშნულია კულტურის მინისტრის განცხადებაში.

იტვირთბა....