აშშ-ში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს (Jin Liquin) შეხვდა.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის პრეზიდენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის დეტალები გააცნო, რომლის თანახმადაც, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში. პროგრამის მიზანია ინვესტიციებისა და ეკონომიკური აქტივობის წახალისება კერძო სექტორში.
შეგახსენებთ, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში უკვე მონაწილეობს.