რამდენად მისაღებია „პანორამა თბილისის“ პროექტი თქვენთვის? – სწორედ ამ კითხვით მიმართა „მეტრონომმა“ თბილისის მცხოვრებლებს, რადგან საკითხი უფრო და უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პროექტის ფარგლებში სულ ახლახანს, საკრებულოს უმრავლესობამ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მოთხოვნებს, მიწების გადაცემაზე, 31 ხმით მხარი დაუჭირა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთაზე 0.44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ივანიშვილის საკუთრება გახდა. საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა 1900 კვადრატული მეტრის 1 ლარად ივანიშვილისთვის გადაცემასაც. ორივე ტერიტორიაზე “პანორამა თბილისის” ნაწილი იქნება.
ამ ფაქტს ოპოზიციის მიერ აქციები მოჰყვა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად მიწების გადაცემას. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იგივე თემატიკაე მიმდინარე კვირას, 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
„მეტრონომი“ დაინტერესდა საზოგადოების პოზიციით და გამოკითხვა ჩაატარა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი ძველი თბილისისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა და მისი განხორციელება დაუშვებელია, ნაწილი კი თვლის, რომ პროექტი არაჩვეულებრივია და ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს, რადგან „პანორამა თბილისის“ შესახებ არაფერი სმენია.
არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ ფაქტი, რომ ივანიშვილის კომპანიას მიწები 1 ლარად გადაეცა, თუმცა პროექტი „პანორამა თბილისი“ მოსწონთ.
მეტრონომმა 100 ადამიანი გამოკითხა და შედეგები კი ასე გადანაწილდა: მომწონს, მისაღებია – 35%, არ მომწონს – 25%, ხოლო არ მსმენია პროექტის შესახებ – 40%.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტს, რომელიც სამ ლოკაციას შეეხება –ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორია, ერეკლეს მოედანი და სოლოლაკის ქედი, საკანონდმებლო თვალსაზრისით იმდენად გამართეს და იმდენად მოარგეს კანონმდებლობა, რომ იურიდიულად ხელჩასაჭიდი აღარაფერია.
როგორც ელისაშვილი ამბობს, სახელმწიფომ ყველა კანონი სწორედ ამ პორექტს მოარგო და სამართლებრივი დავის საფუძველი უგულებელყო.
შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის ნიჰილიზმი გასაგებია. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა, მათ აზრს მაინც არავინ ეკითხებათ და მოუწევთ „პანორამა თბილისის“ ჩრდილქვეშ ცხოვრებას შეეჩვიონ.
ავტორი: ნინო ცხადაია