თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, 23-ე სადგური ოფიციალურად ორშაბათს გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც 20 წელზე მეტხანს შეჩერებული იყო, 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა და საბოლოოდ ამ წლის ზაფხულში დასრულდა.
თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა. პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 84 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ (ერთობლივმა საწარმომ) Cobra Assignia-მ შეასრულა. ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, დღის განმავლობაში, 250-300 ადამიანი მუშაობდა, ჯამში კი დროის სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
თბილისის პირველი მეტროსადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მეტროსადგურების ხაზების საერთო სიგრძე 29 კმ-ია. ყოველდღიურად დედაქალაქის მეტროპოლიტენით დაახლოებით 350-400 ათასი ადამიანი მგზავრობს, დღეში თითო სადგურზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანი ჩადის.