“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი პროკურატურაში დაკითხვაზე უარს აცახადებს. ის მოითხოვს, რომ მისი დაკითხვა ჟურნალისტების და მოსამართლის წინაშე მოხდეს. იოსელიანი დღეს უწყებაში გამოკითხვაზე ოპოზიციის მიერ თბილისის საკრებულოს წინ გამართული აქციის გამო დაიბარეს. ის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იმყოფებოდა. იოსელიანი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს.
“დამიბარეს პროკურატურაში თბილისის მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით. აქ მოსაყოლი და ასახსნელი რა არის ვერ ვხვდები. პოლიცია თავად არღვევდა კანონს და პარლამენტის წევრებს, რომლებსაც კონსტიტუციით საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდათ და შენობაში არ უშვებდნენ.
პოლიციელებმა გასცეს უკანონო დავალება, რომ მე დავეკავებინე. გაკოტრებული კონკურენტი მყავს, რომელსაც ბიძინას ვალი აქვს. პოლიცია დემორალიზებულია. არ ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, რომელსაც „ბოტასების“ ქურდი ფირცხალავა მართავს. ეს არის პროკურატურა, რომელმაც პოლიტიკური მკვლელობები არ გამოიძია. მე მათთან ერთი ერთზე არ ვაპირებ საუბარს” – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია თბილისის მერიის საკრებულოსთან იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 1 ლარად გადაეცა. აქციაზე პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისოირების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” 14 აქტივისტი დააკავა.