„ვინმე კითხულობს როგორ არის ლეილა აბაშიძე? რამდენიმე დღის წინ მას დენი ჩაუჭრეს“ – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას” გადაცემაში „ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან” განაცხადა.
ოქიტაშვილი კულტურის სახლის შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც ხელოვანი ხალხის პრობლემებს გაეცნობიან და დაეხმარებიან.
“ლიკა ქავჟარაძეს ყოველთვიურად ჰქონდა შემოსავლის წყარო. მას ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა. როცა ადამიანი გარდაიცვლება, შემდეგ ვტეხთ მთელ ამბავს. საერთოდ ვინმე კითხულობს როგორ არის ლეილა აბაშიძე? რა მდგომარეობაშია? მისმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, დათო გვიშველე, შუქი ჩაუჭრესო. თანხა გადავუხადეთ და ჩაურთეს. რაღაც მიდგომა უნდა შეიცვალოს.
ინიციატივა წამოვაყენე, რომ უნდა შეიქმნას კულტურის სახლი, სადაც ასეთი ადამიანები მოვლენ, კვირაში ერთხელ, ჩაიზე ვისაუბრებთ, გავიგებთ ერთმანეთის ამბებს” – განაცხადა ოქიტაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენა. სწორედ ამას მოჰყვა პოლემიკა ხელოვანი ადამიანების პრობლემების შესახებ.
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში ორი დღეა მიმდინარეობს. მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილს ექპერტიზა ჩაუტარდა. ლიკა ქავჟარაძე ორი დღის წინ, 58 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა, თუმცა შსს-მ გამოძიება დაიწყო.