ბათუმის ყველა საბავშვო ბაღი მუშაობას სამი დღით აჩერებს. მიზეზი აზიური ფაროსანაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, მწერის განადგურების მიზნით, შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა და საბავშო ბაღებს სპეციალური ხსნარებით შეწამლავენ. ზაქარეიშვილის თქმით, ასეთი ღონისძიება ბავშვების უსაფრთხოების გამო მიიღეს.
“მშობლების საყურადღებოდ! ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა,”- ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა 23-ე საბავშვო ბაღში.
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.