“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ენმ მხარს არ დაუჭერს:
“2 წელია, ბიუჯეტში ვერ გამოინახა კაპიკი პენსიების ზრდისთვის. რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? მოვისმინეთ ტყუილები, თითქოს პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იმიტომ, რომ დაგროვებით პენსიაზე გადავდივართო. სინამდვილეში დაგროვებითი პენსია გულისხმობს, რომ მოხდება თანხების დაგროვება მთავრობის მიერ მონიშნულ ფონდებში, რომლებიც ამ თანხების გაცემას დაიწყებენ 20-30 წლის შემდეგ”,- მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.
საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა.
საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება, პირველი არსებულ პენსიონერებს ეხება, რომლის მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მეორე კი მომავალ პენსიონერებს და იგი კერძო დაგროვებითი მოდელის შექმნას ითვალისწინებს.
ამ სიახლით სარგებლობის საშუალება საკუთარი ინიციატივით ექნება ყველა დასაქმებულ ადამიანს საქართველოში. საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანი ხელფასის 6% იქნება, რომელიც არ დაიბეგრება.
თანხა, რომელიც დაგროვებით სისტემაში შევა, ეკონომიკაში იქნება ინვესტირებული და მასზე მოგება დაირიცხება. პენსიაზე გასვლისას საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ ეს თანხა და დაგროვებული მოგება.