რეჟისორმა ზაზა კოლელიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გაიხსენა მსახიობი ლიკა ქავჟარაძე და პატივი მიაგო გარდაცვლილის ხსოვნას. რეჟისორმა ასევე ისაუბრა ლიკა ქავჟარაძის პროექტზე, რომლის განორციელებას იგი ახლო მომავალში გეგმავდა:
“დაახლოებით თვენახევრის წინ დამირეკა და მითხრა, რომ პროექტი მაქვს და მინდა გავაკეთოთო. ბატონი დავით ნარმანია შეხვდა ლიკას და პროექტი დაფინანსდა. ახლა, 19 ოქტომბერს იქნება ლიკას ნახატების გამოფენა ვაკის “არტ გალერიში”. ეს გამოფენა ლიკას ხსოვნას მიეძღვნება.
მე შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან უშუალო და თბილი ადამიანი იყო, ჩემთვის და მისი ახლობლებისთვის წმინდა, სუფთა ადამიანი იყო. გუშინწინ ღამით დამირეკა და მითხრა, რომ ზაზუშ, მოგეხმარებით ნახატების წამოღებაშიო. საერთოდ, მორცხვი, მორიდებული ადამიანი იყო და თუ რაიმე უჭირდა, ძალიან ახლობელ ადამიანს ეტყოდა. მარტო ცხოვრობდა, ჰქონდა ალბათ თავისი დარდიც და ტკივილიც. ლიკას სილამაზის პატრონი სხვაგან ვერ იცხოვრებდა, მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. ძალიან ძნელია ჩემთვის ლიკაზე წარსულში ლაპარაკი. ამ ასაკში ლიკა უკვე გამოკვეთილი, სახასიათო არტისტი იყო. ” – განაცხადა კოლელიშვილმა
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს და ხვალ, 17:00 საათიდან გაიმართება. მსახიობს, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია სად დაკრძალავენ მსახიობს.
გარდაცვლილს ექპერტიზა გასულ ღამეს ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მისი ცხედარი დილით ისევ საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ლიკა ქავჟარაძე გუშინ, 58 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა, თუმცა შსს-მ გამოძიება დაიწყო.