ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ წერს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ამბობენ, რომ მან “ნატვრის ხის” პერსონაჟ მარიტასავით იცხოვრა, რადგან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში მას არც ერთი ტალახი არ მოხვედრია:
“მგონი ერთადერთი ქალი იყო, ვიზეც ყველა გემოვნების, ფერის, სქესის, ნამუსის და მორალის მქონე ადამიანი ვთანხმდებოდით რომ ლამაზი იყო. ჟურნალისტები სულ ვეფერებოდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით. გაუგებარია როცა ვამბობთ, რომ მარიტასავით იცხოვრა ქალმა, რომელსაც საბედნიეროდ არცერთი ტალახი არ მოხვედრია რეალურ ცხოვრებაში. მარიტასავით კი არ იცხოვრა, მარიტამ შეცვალა მისი ცხოვრება იმდენად, რომ დაღმა განარიდა ის საზოგადოებას, აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ესეც არ ვიცით ბოლომდე. ჩვენ ხომ გვიყვარს მითების შექმნა. რეალობა თან წაიღო. ისე, რომ ბოლომდე არავის გაანდო. არ უყვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და ჩვენც არ ვაძალებდით. მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე. უბრალოდ გარდაიცვალა, თორემ წლების შემდეგაც, ასე დადებენ ჩვენი შვილი-შვილები მის ფოტოს, საკუთარ კედლებზე და იტყვიან, რომ ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ესაა უკვდავების ხიბლი “- წერს ჟორჟოლიანი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. როგორც შსს-ში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მას რაიმე სახის დაზიანებები არ ჰქონია.