2017 წლის 10-11 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.
საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება. მათ თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს მოინახულონ ცხინვალის რეგიონის განადგურებული ქართული სოფლები და სათანადო შეფასება მისცენ აღნიშნულ უკანონო პროცესს.
დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო ასევე გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია. განხილულ იქნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულება და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე. ქართველმა მონაწილეებმა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასეს ასევე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის არ დაკავებასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამნაშავის დაკავების აუცილებლობა.
სამივე თანათავმჯდომარემ და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, აგრეთვე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც, თავის მხრივ, ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. მწვავედ დადგა საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრობლემა.
მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამ პროცესის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ხაზი გაესვა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის პროცესისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას.
ამ კონტექსტში მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა და ამის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროება. ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის განხილვაზე, რითაც მოსკოვი უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან აქცენტი გააკეთეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირება და საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, კერძოდ, აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკოლოგიურ პრობლემებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 12-13 დეკემბერს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იმართება ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.