2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქალაქმა საკრებულოსა და მერობის კანდიდატებიდან ერთი უნდა აირჩიოს. 21 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მერობის შვიდ კანდიდატს შორის დებატები შედგა. საინტერესოა, როგორი აზრი ჩამოუყალიბდა საზოგადოებას? განსაკუთრებით საინტერესოა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის აზრი, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი არც თუ ისე მცირე იყო აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით. გაუმყარდა თუ გაუქარწყლდა მოლოდინი ამომრცეველს? შეიცვალა თუ არა უკვე ჩამოყალიბებული აზრი?
დებატების შემდეგ „მეტრონომმა“ გადაწყვიტა საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაეტარებინა. დავინტერესდით, გადაცემის შემდეგ რა განწყობაა საზოგადოებაში და რომელ მერობის კანდიდატს ანდობენ ისინი ქალაქის ბედს. „მეტრონომმა“ თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 100-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
მერობის რომელი კანდიდატის პოზიციებია თქვენთვის მისაღები:
ალექსანდე ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი),
ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო),
კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო),
ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა),
ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი),
გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო)
კახა კალაძე (ქართული ოცნება)
გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია)
თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა)
ინტერნეტ-გაზეთმა „მეტრონომმა“ 100 ადამიანი გამოკითხა. შედეგები კი ასე გადანაწილდა: კახა კალაძე – 35%; ალეკო ელისაშვილი 30%; ზაალ უდუმაშვილი 15%; არ ვიცი – 15%; არცერთს – 3%; კახა კუკავა 2%. დანარჩენ კანდიდატებს კი 0% ერგოთ.
გამოკითხულთა გარკვეულმა ნაწილმა „მეტრონომთან“ განაცხადა, რომ დებატებმა მათი გადაწყვეტილება შეცვალა. ზოგიერთმა გვითხრა, რომ მათი გადაწყვეტილება ურყევია და ისევ არიან ისეთები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცემენ ხმას. რამდენიმე მოქალაქეს გაურკვევლობის განცდაც შევამჩნინეთ.
მიუხედავად საზოგადოების არჩევნებისადმი ნიჰილისტური განწყობისა და უნდობლობისა, უმრავლესობა უპირატესობას კვლავ მმართველი გუნდის კანდიდატს, კახა კალაძეს ანიჭებს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ ნდობა შესუსტებულია. 100 გამოკითხული ადამიანიდან, მათ მიმართ მხარდაჭერა ძალიან მცირე ნაწილმა გამოხატა. მათ მხარდამჭერებზე მეტნი არიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლები და ისინი, რომლებიც ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევენ. რაც შეეხება ელეკო ელისაშვილს, საზოგადოების ნაწილის განწყობა მის მიმართ დადებითია. ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც მმართველი გუნდის რამდენიმეწლიანი მმართველობით დაიღალნენ, უპირატესობას ალეკო ელისაშვილს ანიჭებენ, რადგან ფიქრობენ, რომ უპარტიო მერობის კანდიდატის დაპირებებში შესაძლებელია რაიმე სიმართლის მარცვალი ერიოს.
შენიშვნა: ვიდეოში წარმოდგენილია 100 გამოკითხულიდან მხოლოდ ნაწილის პოზიცია. ბევრმა მოქალაქემ არ ისურვა ჩაწერა და მხოლოდ ზეპირი პასუხით შემოიფარგლა (იხილეთ ვიდეო).
P.S. რა თქმა უნდა, ამ გამოკითხვას არ აქვს პრეტენზია მიუახლოვდეს სრულიად ამომრჩევლებში არსებულ რეალურ სურათს, თუმცა თითოეული ამომრჩევლის აზრი ყველა კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ავტორი: ნინო ცხადაია