ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომა დაიწყო, სადაც სიტუაცია დაძაბულია

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი მარიკა დათუკიშვილი მოუწოდებს ამ წუთებში საკრებულის თავმჯდომარეს, რომ სხდომა იყოს საჯარო და მისცეს უფლება, რომ დაესწრონ სხდომას ოპოზიციას. ოპოზიცია ამბობს, რომ ალიბეგაშვილმა რეგლამენტი დაარღვია.

ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიიდან”  საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვს განმარტოს, რომელი კანონის საფუძველზე არ უშვებენ პარლამენტის წევრებს სხდომაზე. სამნიძე ამბობს, რომ ახლა იქ, სადაც მედიის წარმლმადგენლები იმყოფებიან, სხდომათა დარბაზში იმყოფებიან საკრებულოს თანამშრომლები და ეს კანონის დარღვევაა.

თბილისის საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.   თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის აქციას უკავშირდება, რომელიც სხდომის პარალელურად საკრებულოს შენობის წინ მიმდინარეობს.

დილით, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”. შენობაში შესვლას ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ცდილობდა. პოლიციამ მას შესვლის ნება არ მისცა და დაპირისპირების დროს, პარტიის ორი წევრი სერგო რატიანი და ბესო გაზდელიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად  დაგეგმილია, რომ განიხილონ თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე მსჯელობა.

საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

იტვირთბა....