პრეზიდენტის ვეტოზე და მოტივირებულ შენიშვნებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მან პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა, რომ აქეთ მხარეს, რომელიც მხარს უჭერს ამ წარმოდგენილ პროექტს ყველა ასპექტში, პრაქტიკულად ერთი საკითხი დარჩა საკამათო, სრული იგნორირება გააკეთა, რომ ამ მხარეს არსებობს ხუთი ავტორიტეტული პარტია, რომელიც დაუპირისპირა პარტიათა სხვა ჯგუფს.
პრეზიდენტმაც პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა. ვფიქრობ, რომ ვენეციის დასკვნა იგნორირებულია და ჩვენი პოზიცია ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ ვეტოს დაძლევაზე. არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს პროექტი. ეს მინუსად არ მიმაჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.
ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
მანამდე, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა და 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეცვალეს და 4 ახალ პუნქტზე შეთანხმდნენ.