ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალიბეგაშვილი: საკრებულოს სხდომას მხოლოდ წევრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახლავთ ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს დედაქალაქის განვითარებაზე.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართალდამცავების შეურაცხყოფა და ამასთან ინფრასტრუქტურის დაზიანება.

აქედან გამომდინარე თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

კანონის დარღვევის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს, გარდა ამისა, ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც წარმოდგენილი იქნებით, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”.

ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.

საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

იტვირთბა....