ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ლადო ჭანტურია გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მისი თქმით, მისი ოჯახის წინააღმდეგ საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ბოლო თვეები ვარჯიშსაც კი ვეღარ ახერხებდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა.
ჭანტურია „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და პოლიტიკური ზეწოლის გამო, მისმა სპონსორმა მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
„მე და ჩემს ოჯახზე განხორციელდა პოლიტიკური ზეწოლა. კერძოდ, მე გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე სპონსორი, რომელიც მე მასპონსორებდა და გვერდში მედგა, პოლიტიკური ზეწოლის გამო, უარი თქვა ჩემს დაფინანსებაზე და ყველანაირი ხარჯის გაწევაზე.
განტევების ვაცი რომ იტყვიან, ისეთნაირად ყველა ჯოხი ჩემზე გადატყდა და სახელისუფლებო წრეში მიუღებელი ადამიანი ვიყავი, სადაც არ უნდა მივსულიყავი, ვინმეს ჩაყენებასაც აზრი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ბოლო წვეთი ის იყო, როდესაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ე.წ. სუს-იდან განხორციელდა ზეწოლა ჩემზე, განხორციელდა ჩემს ოჯახის წევრებზე ზეწოლა,“ – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
მისი თქმით, ზეწოლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, კორცხელში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწყო.
სპორტსმენი ჰყვება, რომ ის კორცხელში იმყოფებოდა, თუმცა სპორტმენებსა და ოპოზიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. სპორტსმენის განცხადებით, სწორედ ამ შეხვედრის და ინციდენტის შემდეგ ის მიუღებელი გახდა სახელისუფლებო წრისთვის, გაათავისუფლეს სამსახურიდან და განახორციელეს მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა.
„მდინარაძემ იმ დღესვე გამართა შეხვედრა, შუადღეს, როგორც კი დასრულდა ეს დაპირისპირება და მე მომიხსენია როგორც ერთ-ერთი პროვოკატორი და ზონდერი და ცილი დამწამა, პირიქით იქ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მე არანაირ ჩხუბში მონაწილეობას არ ვიღებ,“ – აცხადებს ლადო ჭანტურია.
ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურება უკვე მოჰყვა სპორტის სამინისტროში. განცხადება, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელმა გააკეთა.
„აღნიშნულ სიტუაციას ვერ შევაფასებთ, რადგან ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ათლეტიზმის ფედერაციასთან და მხოლოდ აღნიშნული ფედერაცია არის აღიარებული და აღნიშნულ სპორტსმენზე დაფინანსების თხოვნა არ შემოსულა სამინისტროში,“ – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.
სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ის ფედერაცია, რომელსაც ჭანტურია წარმოადგენს, არ არის აღიარებული უწყების მიერ, შესაბამისად, სამინისტრო ვერ დააფინანსებდა ვერც ფედერაციას და ვერც სპორტსმენს.
„ეს ფედერაცია არ არის აღიარებული, ფედერაცია, რომელიც არ არის აღიარებული, სპორტის სამინისტრო მასზე კომენტარს ვერ გააკეთებს,“ – განაცხადა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
წყარო: rustavi2.ge