დღეს თბილისში, სასტუმრო “რედისონში” სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია სუამ-ის ოცწლიანი მუშაობის შეჯამება. მონაწილეები, ასევე, ერთობლივ კომუნიკეს ხელს მოაწერენ, მოგვიანებით კი, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
“სუამი არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია მეგობარი სახელმწიფოების მიერ, რომელთაც გააჩნიათ საერთო ინტერესები და საერთო ხედვა მეტი სტაბილურობისა და განვითარების“,- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც, ასევე, ესწრება ღონისძიებას.
მიხეილ ჯანელიძის აზრით, 20 წლის მანძილზე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციამ შეძლო განევითარებინა ინსტიტუტები და ჩამოეყალიბებინა შესაბამისი თანამშრომლობის ფორმატი.
“დღეს ძალიან ბევრ სექტორში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან უფრო მეტ თანაქმედებაზე გადასვლას, რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამ-ის შექმნა”. აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან რიყეს და მონაწილეობას მიიღებენ თბილისობის დღესასწაულში.