ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არსებობს დიდი ეჭვი, რომ სასამართლო სხდომებიდან გაჟღერებული მოწმეთა ჩვენებები დეკანოზის ადვოკატებისგან გავიდა.
გიორგი ფანცულაია მამა მიქაელ ბოტკოველს განუმარტავს, რომ აღნიშნულ ჩვენებებთან წვდომა პროკურატურას აქვს:
„მე მინდა ვუთხრა მამა მიქაელ ბოტკოველს, რომ ეს მასალები აქვს იმ პროკურატურას, რომელსაც ის ნდობას უცხადებს და ასევე იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეს, რომელსაც ის ნდობას უცხადებს,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ საქმის ძიების ფარგლებში მოხდეს ვინმეს დაკავება, ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ამის საშუალებას პროკურატურას არ მისცემს.
“როგორც აქამდე არ მივეცით ბევრის საშუალება პროკურატურას, დამიჯერეთ, არც ამ საკითხში მივცემთ იმის საშუალებას, რომ ახალი, უკანონო ბრალდებულები ჰყავდეს,“ -აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
თემაზე კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა გააკეთა. მისი თქმით, მასალები არა ადვოკატებმა, არამედ მედიამ გაასაჯაროვა:
„წესით და კანონით, როდესაც სასულიერო პირები და საპატრიარქო წესიერებას ქადაგებს და პატიოსნებას, მე მგონი პირველ რიგში, მაგათი ინტერესი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ მართლა მოისმინოს, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა, ისე ე.წ. დაზარალებულმა შორენა თეთრუაშვილმა და ყველა იმ მაღალმა იერარქიულმა სასულიერო პირებმა. თვითონ მოიკითხონ, თვითონ მოიძიონ და თვითონ დაადგინონ თუ საიდან და როგორ მოხვდა. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ გაგვისაჯაროებია, ეს გაასაჯაროვა მასმედიამ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურაში დეკანოზ მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი მია ზოიძე იმყოფებოდა, რომელმაც გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა. გუშინ და გუშინ წინ კი პროკურატურაში გამოკითხვაზე ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია იყვნენ დაბარებული. ორივე მათგანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.