ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ გამზარდია: სად არის ოხანაშვილი, იქნებ რუსეთში, პუტინის სამშობლოში?

“რუსთავი 2”-ზე გასულ გადაცემას, სადაც “ნანუკას შოუში” 53-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა და ბრალდებული დეკანოზის მეგობარმა, ტარას შავშიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ ისაუბრა, სოციალურ ქსელში “იბერიას” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, არჩილ გამზარდია ეხმაურება. მისი აზრით ნანუკა ჟორჟოლიანმა რესპონდენტს კრიტიკული კითხვები არ დაუსვა:

“ძალიან მიკვირს, რომ ისეთმა გამოცდილმა და გონიერმა ჟურნალისტმა, როგორიც ნანუკა ჟორჟოლიანია, რესპონდენტს არ დაუსვა შეკითხვები:

1. მართალიც რომ ყოფილიყო რესპონდენტი, საიდან ფლობდა ის პატრიარქის თანაშემწის პირადი სივრცის ინფორმაციას? (კურდღლის ტუჩი იქნებოდა, კუდი თუ ვერძის რქა?) ან საიდან იცის შავშიშვილმა და რატომ უთვალთვალებდნენ შორენა თეთრუაშვილს?

2. რატომ არ გაიხსენა რესპონდენტ შავშიშვილის სკოლის დირექტორობის დროინდელი ლამის ტრაგედიები, რომელიც შავშიშვილის დირექტორობას უკავშირდება? რატომ არ მოიყვანა ის მშობელი და გაახსენებინა რა დღეები გადაიარეს?

3. რატომ არ დაუსვა კითხვა, სად იმყოფება ამჟამად იოსებ კიმის ძე ოხანაშვილი? თუ ევროპაშია, 90 დღე გასულია უვიზო მიმოსვლის პერიოდი, ან იქნებ იმიტომ, რომ შესაძლოა რუსეთშია პუტინის სამშობლოში?

4. რატომ არ ჰკითხა რესპონდენტს რა საქმიანობას ეწეოდნენ თავად შავშიშვილი, გიორგი და ირაკლი მამალაძესთან და იოსებ ოხანაშვილთან ერთად საპატრიარქოში?

5. მიკვირს რატომ არ ჰკითხა, თუ კი არსებობდა საპატრიარქოში ორგანიზებული ჯგუფი ამ ადამიანების შემადგენლობით, მათ უკან რომელი მღვდელმთავარი იდგა?

6. რატომ არ ჰკითხა, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, სადაც იაკობის და შორენას თავების მოჭრით იმუქრება პატრიარქის დაცვის სამსახურის მაშინდელი უფროსი? და მართლაც აპირებდა თუ არა ოხანაშვილი მსგავს რამეს?

7. რატომ არ ჰკითხა ასევე ცნობილ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა, სადაც პატრიარქისა და ეპისკოპოსების საუბარია ჩაწერილი? და ამის გამო რატომ არ ჰკითხა, უთვალთვალებდნენ, ისმენდნენ და იწერდნენ თუ არა შავშიშვილი და ოხანაშვილი პატრიარქის საუბრებს?

8. საინტერესოა, ასევე, რატომ არ გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტება გიორგი ზვიადაძის მიმართვაზე, სადაც აცხადებს, რომ მისი ტექსტები არაკონტექსტუალურად იყო გავრცელებული?

9. ისე, მაინც, მიკვირს, როგორ არ დაისვა კითხვა, არიან თუ არა პროკურატურასთან გარიგებულები ოხანაშვილი და შავშიშვილი, რადგან პროკურატურას წესით აქამდე უნდა ჰქონოდა არაერთი მოტივი მათი დაკავებისთვის, მაგრამ მიზანმიმართულად იკავებს თავს…

და ა.შ.

ჯერჯერობით მხოლოდ ამ შეკითხვებზე შევჩერდები. როდესაც იგივე რესპონდენტები ჩემთან გადაცემაში მოსვლაზე უარს არ იტყვიან, ვეცდები დავუსვა შეკითხვები, თუმცა სადაც მიდიან, კარგი იქნებოდა ეს შეკითხვები იქ დასმულიყო.

რადგან ეს კითხვები არსებობს, იქნებ, ადრესატებიც გამოჩნდნენ და საჯაროდ უპასუხონ.”-წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ნანუკას შოუში”, 53-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა და პატრიარქის დაცვის ყოფილმა წევრმა ტარას შავშიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო ისაუბრა. მისი თქმით, დეკანოზ მამალაძის დაკავება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ორგანიზებით მოხდა და ეს დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩამოშორების გეგმას უკავშირდებოდა.

იტვირთბა....