ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვაპირებ არანაირი ჩვენების მიცემას”: ადვოკატი პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს ამბობს

“არ ვაპირებ არანაირი ჩვენების მიცემას” – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს რეალური გამოძიება არ არის, რადგან 374-ე მუხლი საერთოდ არ ეხება სასამართლოს და ეხება მხოლოდ გამოძიების ეტაპს. ადვოკატისთვის გაუგებარია, რა კავშირშია სასამართლოსდან გახმაურებულ ინფორმაციასთან აღნიშნული მუხლი.

“თუ ამ მუხლით იყო გამოძიება დასაწყები, პირველ რიგში ჯარჯი წიკლაურის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, რომელმაც 2017 წლის 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. რამდენად კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. ამის საშუალება ჩვენ არ გვქონია და ალბათ ყველამ იცით, როგორ უხერხულ ვითარებაში ვიყავით ადვოკატები, როცა ჟურნალისტების კითხვებს ვერ ვპასუხობდით. ამ ფონზე კი პროკურატურა ასაჯაროვებდა იმას, რაც უნდოდა. დღეს კი ამ პროკურორების მიმართ არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და ჩვენ კი დაგვიბარეს გამოკითხვაზე. ამ ფარსში და დადგმულ სპაქტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ. აქ ერთადერთი რამის გამო ვარ მოსული, რომ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას ვცემ პატივს, სახელმწიფო დაწესებულებაში, პროკურატურაში, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი. არ ვაპირებ არანაირი ჩვენების მიცემას”, – განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურაში დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით დასთანხმდება.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....