აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როგორ შეიპარნენ შორენა თეთრუაშვილის ოთახში უნებართვოდ?” – კაკაბაძე ამბობს, რომ ჯადოს ამბავი სიცრუეა

პატრიარქის დაცვის ყოფილმა წევრმა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის დაპატიმრებული დეკანოზის მეგობარმა, ტარას შავშიშვილმა, “რუსთავი 2”-ის ეთერში, “ნანუკას შოუში” ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისტიციზმით არის გატაცებული და მის ოთახში კურდღლის ფეხებიც კი იპოვეს, რაც,  ე.წ. ჯადოს უკავშირდება.

ტარას შავშიშვილის განცხადებითვე, პატრიარქს შორენა თეთრუაშვილის მოშორება უნდოდა, მაგრამ გადააფიქრებინეს.

“მეტრონომი” მეორე მხარის პოზიციის მოსასმენად (რადგან გადაცემაში ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია იყო წარმოდგენილი), შორენა თეთრუაშვილთან დაახლოებულ პირს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

“მეტრონომი”: ტარას შავშიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მისტიციზმით არის გატაცებული და მის ოთახში კურდღლის ფეხები იპოვეს, რაც, მისივე თქმით, ე.წ. ჯადოებს უკავშირდება. შავშიშვილი საუბრობდა რაღაც თოჯინაზეც, რომელიც თურმე პატრიარქს მიუტანა თეთრუაშვილმა და უთხრა, რომ ჯადო იყო, რომელიც მოხსნეს. თქვენ თუ გსმენიათ რამე შორენა თეთრუაშვილის მიერ ამგვარი საკითხებით დაინტერესების შესახებ?

ნანა კაკაბაძე: საიდან მოხვდნენ ეს ადამიანები (შავშიშვილი, ოხანაშვილი) შორენას ოთახში?! როგორ უნდა შესულიყვნენ მის ოთახში, ვინ შეუშვათ, შორენამ?!
მათ არ ჰქონდათ შორენას ოთახში შესვლის უფლება და თუ ეჭვი ჰქონდათ რაიმეს და ოთახის დათვალიერება სურდათ, შორენასთან და მოწმეებთან ერთად უნდა დაეთვალიერებინათ. როგორ შეიპარნენ შორენა თეთრუაშვილის ოთახში უნებართვოდ?! და თუ უკანონოდ შეიპარნენ, უკანონო ქმედებასაც ჩაიდენდნენ, რადგან ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ თეთრუაშვილის მიმართ და ოთახში კურდღლის ფეხებსაც ჩაუდებდნენ, თოჯინასაც და ბომბსაც, თუ დასჭირდებოდათ.

ურთიერთობა მაქვს დედაოებთან, თავად შორენასთან და მსგავსი რამ არ გამიგია, რომ შორენა მისტიციზმით არის გატაცებული. სიცრუეა, რომ შორენა თეთრუაშვილი მისტიზიცმით არის გატაცებული. არ ფიქრობთ რატომ გახდა ეს თემა?! უნდათ წარმოაჩინონ, რომ საპატრიარქოში თითქოს ბნელი ადამიანები ბუდობენ და ამით ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ, რომ პატრიარქი მდივან-რეფერენტად ნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც ამგვარი საქმიანობით არის დაინტერესებული. აქვთ ფაქტები, რასაც ამბობენ?! მათ გარდა ეს ვინმემ ხომ უნდა დაადასტუროს?!

– ტარას შავშიშვილის მხრიდან ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს არ მოსწონდა შორენა თეთრუაშვილის ქცევები და მისი მოშორება უნდოდა.

– ვინ უშლიდა მერე ამას პატრიარქს?! თუ უნდოდა, მოიშორებდა კიდეც. ამით რას ამბობენ, რომ პატრიარქს ამის ძალა არ შესწევდა?! და ვისზე ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან ამგვარი აზრი, იმ ძლევამოსილ ადამიანზე, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი ეკლესიას დაუბრუნა?! ცდილობენ შექმნან აზრი, რომ პატრიარქი უსუსურია, მაშინ როცა ეს არის ადამიანი, რომელმაც ტაძრები გადაავსო მორწმუნეებით, იმდენად ძლიერია. არ ფიქრობთ, რატომ ხდება ამის პროპაგანდა?! ეს არის დაკვეთა, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც ოხანაშვილი და მისი ბანდა ახორციელებდა საპატრიარქოში!
ან ტარას შავშიშვილის ნდობა როგორ შეიძლება, ვინ არის, არ ვიცით?! ახალაიების გუნდის წევრი, შაშკინის მოადგილე და საპატრიარქოში ჩანერგილი პირი! ” – განაცხადა “მეტრონომთან” ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ეთერში,  გადაცემა “ნანუკას შოუში”, 53-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა და პატრიარქის დაცვის ყოფილმა წევრმა ტარას შავშიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის გარშემო ისაუბრა. მისი თქმით, დეკანოზ მამალაძის დაკავება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ორგანიზებით მოხდა და ეს დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩამოშორების გეგმას უკავშირდებოდა.

იტვირთბა....