თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული გ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ.რ.-მ ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ზ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა, გ.რ.-მ გვამი წყლით სავსე აბაზანაში ჩააგდო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ.ზ.-ს ბეჭედს და საბანკო პლასტიკურ ბარათს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა გ.რ. 2017 წლის 20 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.