საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
მონიტორინგი საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად 2017 წლის 23 აგვისტოს დაიწყო. მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 41 სამაუწყებლო არხი და 34 ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მონიტორიგნის შედეგებში პირველად წარმოადგინა ინფორმაცია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.
მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის:
ა) წინა საარჩევნო რეკლამა;
ბ) წინა საარჩევნო დებატები;
გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი დარღვევები გამოვლინდა.
რეკომენდაციები:
– 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, კომისია ახსენებს მაუწყებლებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს წინასაარჩევნო დებატების სამაუწყებლო ბადეში განთავსების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები. ამავე კანონის 55–ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს დებატების პროგრამაში უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის არადისკრიმინაციული და თანაბარი მონაწილეობა, აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებული იქნება მაუწყებლების მიმართ გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
–„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „ვანოს შოუ“ და „სხვა შუადღე“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ნ. მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ლ. ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია) და დამოუკიდებელი კანდიდატი ა. ელისაშვილი.
– „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „მეგობრები“, „იმედის დღე“ და „იმედის დილა“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ა. თალაკვაძე (ქართული ოცნება), კ. კალაძე (ქართული ოცნება), ე. კვიციანი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი).
ზემოაღნიშნულ გადაცემებში რესპოდენტები გამოთქვამდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებს;
კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.
გამოვლენილი დარღვევები:
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესის დაარღვევის გამო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა
2017 წლის 13 სექტემბერს საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განსათავსებლად წარუდგინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“. ორივე მაუწყებელმა მისთვის წარდგენილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ აღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შეიცავდა კომერციული რეკლამის ელემენტებს – ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ნიშნებს.
2017 წლის 15 სექტემბერს საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ მიმართა კომისიას „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მოთხოვნით.
კომისიამ, მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ წარდგენილი რეკლამა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი არ ეწინააღმეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დეფინიციასა და კრიტერიუმებს და ამასთან, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი რეკლამის მიზანს არ წარმოადგენს რეკლამაში აღნიშნული კონკრეტული პრეპარატის რეალიზაციის ხელშეწყობა და იგი მიზნად არ ისახავს ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდას.
კომისიამ მიიჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე უარის თქმით დარღვეული იყო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე–5 პუნქტი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეუდგინა ორივე მაუწყებელს და შესაბამის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა განსახილველად.
ქ. თბილისის და ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა მხარეების თანდასწრებით განიხილეს საკითხები და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ მიიჩნიეს სამართალდამრღვევებად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22–ე მუხლის გათვალისწინებით გამოყენებულ იქნა სიტყვიერი შენიშვნა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესის დაარღვევის გამო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა
2017 წლის 8, 12 და 13 სექტემბერს პგ „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტი. კერძოდ, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას არ განთავსდა სავალდებულო წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეების თანდასწრებით განიხილა საკითხი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ მიიჩნია სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22–ე მუხლის გათვალისწინებით გამოყენებულ იქნა სიტყვიერი შენიშვნა.
– მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა რიგი მაუწყებლის მიერ, მათზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები. კომისიაში მიმდინარეობს ყოველი კონკრეტული საკითხის შესწავლა და ობიექტური გარემოებების არარსებობისას, დაიწყება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები და კომისია გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.