სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთად ხორციელდება და მიზნად საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას ისახავს.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდენენ და იმ უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში აქვთ. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიეღოთ.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტებს წარმოადგენენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ; მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა; ასევე, დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა.