სახალხო დამცველის აპარატი “ეროვნული პლატფორმის” მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება. ცვლილებების მიზანია “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლება” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ომბუდსმენი მთლიანად იზიარებს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარების, რომლის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა/მოყვანის დეკრიმინალიზაცია მოხდეს.
“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის სრულ დეკრიმინალიზაციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს”, – წერია განცხადებაში.
ნანუაშვილი ასევე იზიარებს იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის შეცვლის ინიციატივას.
“ქუჩის, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ჩატარებული ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელზეც წლებია სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში საუბრობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპებს, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებს”, – მიაჩნია ობდუსმენს.
ამასთან, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც დაადგენს ზღვარს მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკს შორის.
“აუცილებელია ე.წ. ახალი ფსიქო–აქტიური ნივთიერებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ცვლილება, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქების მიზნით”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. ხოლო, 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებდა.
მიუხედავად ამისა, 20 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ. “ეროვნულ პლატფორმის” წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაპირებების პარალელურად, ამ კუთხით ცვლილებები ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს.