ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დედა სიდონია: „სახელმწიფო ინტერესი იყო, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი პატრიარქი“

დედა სიდონია თოქ-შოუ „რეაქციაში“ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ გახმაურდა.

მისთვის გაუგებარია, რატომ იყო მოლოდინი, რომ გერმანიაში ოპერაციის შემდეგ პატრიარქი გარდაიცვლებოდა. როგორც დედა სიდონია მიიჩნევს, ეს იყო მზადება შემდეგი პატრიარქისთვის, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის დასუსტებაზე იყო გათვლილი, ილია მეორე კი გაწირეს:

„თუ პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა, ლოგიკური იყო, რომ შემდეგი საპატრიარქო კანდიდატზე უნდა ეზრუნათ. იმ შემთხვევაში თუ ასე მოხდებოდა, არ მგონია, რომ ვინმეს გახარებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი უფრო მეტად იყო, თურმე. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ეს იყო სახელმწიფო ინტერესი, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი პატრიარქი.
ძალიან ლოგიკურია, რომ სახელმწიფოს აინტერესებდეს, მათთან კომუნიკაციაში რამდენად კომფორტული იქნება პატრიარქობის კანდიდატი“- აღნიშნა დედა სიდონიამ.

მისი თქმით, საპატრიარქო პოლიტიზირებულია. დედა სიდონია მიიჩნევს, რომ დღეს, საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები სასულიერო პირების განათლების დაბალ დონეზე მიანიშნებს.

„მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებთან მიმართებაში, განათლებასთან გვაქვს საქმე. არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს. სამწუხაროდ, სწრაფ-სწრაფად მოხდა კურთხევა, ბევრი ალალი, საყვარელი სასულიერო პირი ვიცით, მაგრამ არ არის განათლების დონე“- განაცხადა დედა სიდონიამ „რეაქციაში“.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორიო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....