“პატრიოტთა ალიანსის” წევრები დღეს მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. “ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ქართველი ხალხის ამ განწყობას თქვენ კარგად გრძნობთ“ – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრა,-ამის შესახებ იტყობინება რუსეთის დუმის ოფიციალური ვებგვერდი.
დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პანიკური დამოკიდებულების მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სიმტკიცეს იჩენენ“. მისი განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მარტივი არ არის, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ამ საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს ხელისუფლებაზეც არის დამოკიდებული.
შეგახსენებთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს ქართველი პარლამენტარების რიგით მეორე ვიზიტია რუსეთის დუმაში. პირველი ოფიციალური შეხვედრა ივლისში შედგა. შეხვედრის შედეგების მიხედვით, პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას მუდმივმოქმედი არაფორმალური ჯგუფი, რომელშიც რუსი და ქართველი დეპუტატები შევლენ.
ამჯერად, შეხვედრის ფარგლებში, რუსმა და ქართველმა პარლამენტარებმა სხვადასხვა, ძირითადად, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები განიხილეს.