სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან დაკავებულების საკითხს გამოეხმაურა. ნანუაშვილის თქმით, მისმა წარმომადგნელებმა დაკავებულები გუშინვე მოინახულეს და მათი ცნობით, დაკავებულებს მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ.
სახალხო დამცველის თქმით, ასევე დაირღვა პარლამენტის და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება, რომლებიც მერიის შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე გუშინ 6 პირი დააკავეს. მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.