მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ სერბ კინორეჟისორ და მუსიკოს ემირ კუსტურიცას კონცერტი საქართველოში არ უნდა გაიმართოს.
ბუღაძე მას რუს დირიჟორ ვალერი გერგიევს ადარებს და ამბობს, რომ ორივე მათგანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა ქმედების გამამართლებელია. ამის შესახებ მან გამოცემა “მთელ კვირასთან” განაცხადა:
“არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმართოს კონტერტი. კატეგორიულად არა! მე თავიდანვე არ ვიყავი ამის მომხრე. ის არის იმპერიალისტი, გათახსირებული კაცი. ჩემთვის კუსტურიცა ისეთივე გარეწარია, როგორც ვალერი გერგიევი (რუსი დირიჟორი). ორივე არის თაღლითი, იმპერიალისტი და პუტინის ყველა ქმედების გამამართლებელი.
თუმცა ალბათ ჩამოიყვანენ, ჩვენ ხომ ქვეყანა არ ვართ. გერგიევიც ხომ აპირებს ჩამოსვლას და ეს კიდევ ერთი უბედურებაა. უღირსებო ქვეყანა გავხდით. “ქოცებს” მეტი აბა რა შეუძლიათ”- აღნიშნა ბუღაძემ.
ისტორიკოსი და პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძეც მიიჩნევს, რომ არც კუსტურიცა და არც სხვა პირები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას და რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოსთან შეუთანხმებლად დადიან, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჩამოდიოდნენ.
“არ მგონია, რომ ამას ვადის გასვლა უნდა შველოდეს. ქვეყანამ პრინციპულობა ყოველთვის უნდა გამოიჩინოს და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით კუსტურიცას მიმართ, რომელიც არის პუტინიზმის და რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდისტი.
თუმცა, ძალიან სამწუხაროდ, ცუდი გამოცდილება გვაქვს, რუსი პოლიტიკოსებიც კი, ნორმალურ ქვეყანაში სრულიად მიუღებლები, აქ ჩამოდიან და ქეიფობენ. ამიტომ გამიჭირდება რაიმეს წინასწარმეტყველება, მაგრამ სასურველი იქნება, კუსტურიცა არ შემოუშვან”- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, სერბ კინორეჟისორ და მუსიკოს ემირ კუსტურიცას კონცერტი, რომელიც 8 დეკემბერს სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, გადაიდო და ბილეთების გაყიდვაც დროებით შეჩერდა. კუსტურიცა საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება მზაობას, რომ ის საზღვარზე შემოუშვან და რაიმე პრობლემები არ შეექმნას.
მიზეზი ისაა, რომ 2009 წელს კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც მას ვლადიმერ პუტინის დაკვეთით ომზე ფილმი უნდა გადაეღო.
გარდა ამისა, რუსულ მედიაში იწერებოდა ისიც, რომ სერბმა ხელოვანმა საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში. 2016 წელს კუსტურიცას რუსეთის პრეზიდენტისგან მეგობრობის ორდენიც აქვს მიღებული.