5 ათას დოლარად შეფასებული სკანდალური ჩანაწერი. ვის აწყობს მეუფე გერასიმეს დისკრედიტაცია, საპატრიარქოში დაპირისპირების ახალი კერა ჩნდება. რა ინფორმაციების გასკანდალება იგეგმება მედიაში. როგორ უსმენდნენ და იწერდნენ პატრიარქს.
როგორც ჩანს, გავლენებისთვის ბრძოლა დაუნდობელ ბრძოლაში გადადის. რამდენიმე ხნის წინ მედიასაშუალების ნაწილს სკანდალური ჩანაწერები მოასმენინეს და ფულის გადახდის შემთხვევაში მეუფე გერასიმეს წინააღმდეგ სერიოზულ კომპრომატებს დაჰპირდნენ.
ერთ-ერთი „პრაიმტაიმი“ იყო.
საპატრიარქოს ირგვლივ ახალი სკანდალი მწიფდება. სავარაუდო სამიზნე, როგორც ჩანს, მეუფე გერასიმეა. ვინ დგას ახალი სკანდალის უკან და ვის აწყობს მეუფე გერასიმეს დისკრედიტაცია? – ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „პრაიმტაიმს“ სალომე გლოველის ფსევდონიმით დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ეკლესიის შესახებ სკანდალურ ჩანაწერებს ფლობდნენ.
„პრაიმტაიმის“ ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე დღის წინ წერილი მოვიდა. ვინმე სალომე გლოველი შეხვედრას გვთხოვდა და სკანდალური ჩანაწერის მოსმენას გვპირდებოდა: „საუბარი მიმდინარეობს რუსეთის პატრიარქზე, მსოფლიო პატრიარქზე, მღვდელი (სახელი) – …რომელიც იმყოფება აფხაზეთში; კანონიერ ქურდზე, მსოფლიო კრებაზე გაფრენის დაგეგმარებაზე და ცალკეულ ბიზნესმენებზე, საიდან იშოვონ ფული და ვინ დააფინანსებს მათ“.
თავდაპირველად 23-წამიანი ჩანაწერი გამოგვიგზავნეს და სრული ვერსიის მოსასმენად ლისის ტბაზე დაგვიბარეს.
40-წუთიან ჩანაწერში, რომელიც „პრაიმტაიმმა“ მოისმინა, საუბარია მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მზადების დეტალებზე, იმ თანხაზე, რაც კრებაში მონაწილეობა ჯდება და საკითხებზე, რომელთან წინააღმდეგობაშიც საქართველო მოდის. ჩანაწერში საუბარია ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზეც…
ანონიმური წყაროს განმარტებით, საუბრობს სამი მიტროპოლიტი: მეუფე საბა, მეუფე გერასიმე, მეუფე ანდრია და უმაღლესი იერარქი პატრიარქი. რაც შეეხება ჩანაწერს, იმავე წყაროს თქმით, მეუფე გერასიმეს გაკეთებულია, იმ ლოგიკით, რომ „მისი ხმა ყველაზე ახლოს ისმის“.
ჩვენ მეორე 10-წუთიანი ჩანაწერიც მოვისმინეთ, სადაც საუბარი ეხება აფხაზეთში პატრიარქის ჩასვლას. ჩანაწერში პატრიარქი ახსენებს მეუფე კირილეს. „კირილე მეუბნება, რომ ილარიონი გავაგზავნოთო, როგორ მიბედავს…“ ჩანაწერი, წყაროს ცნობით, ისევ მეუფე გერასიმეს გაკეთებულია.
როგორც გავარკვიეთ, სულ სამი ჩანაწერი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალებებს უგზავნიან და გასაჯაროების სანაცვლოდ თანხას სთხოვენ. ჩვენ შემთხვევაში თანხა სამივე ჩანაწერში, ჯამში, $5000 იყო, ანუ ერთი წუთი $77. ანონიმური წყაროს მტკიცებით, ეს დასაწყისია და კიდევ უფრო სკანდალური ჩანაწერები გასაჯაროვდება.
„მინდა გითხრათ, ეს დასაწყისია, ჩვენ გვაქვს საუბარი, რატომ არ მიდიან შემდეგ კრებაზე და მრავალი რამ… ფასი $5 000 41-წუთიან, 9-წუთიან და 15-წუთიან მასალაში, ზოგადად, თქვენ 1-წუთიანი მასალა გიჯდებათ $77. ეს არაფერი არ არის, რომ იცოდეთ, ასეთი ადამიანების საუბრის გამჟღავნებისთვის“, – ამბობს ანონიმური წყარო.
ანონიმურმა წყარომ შეხვედრისას ბევრჯერ გაიმეორა წინადადება: „ერთადერთი კითხვა, რაც შეიძლება გაჩნდეს, არის ის, რატომ იწერს მეუფე გერასიმე“.
ჩანაწერი ერთი წლის წინათ არის გაკეთებული. რატომ გახდა საჭირო ამ ჩანაწერის ახლა გამოტანა და გაყიდვა? ვის აწყობს მეუფე გერასიმეს დისკრედიტაცია?
მეუფე გერასიმე ერთხელ სკანდალში უკვე გახვიეს. ის სწორედ იმ ეპარქიის წინამძღოლია, რომელმაც ბერლინში ჩაწერილი პატრიარქის ვიდეო სოციალურ ქსელში დამონტაჟებული გაავრცელა. საპატრიარქოსთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, მეუფე გერასიმე ამ სკანდალში მეუფე დიმიტრიმ გახვია, როცა დამონტაჟებული ვიდეო მისცა და სოციალურ ქსელში მისი გავრცელება სთხოვა: უთხა, მე თვითონ ვერ ვტვირთავ და ეგებ შენ ატვირთოო, გვიყვება წყარო.
ციანიდის საქმის მოწმის ირაკლი მამალაძის შეფასებით: „ამოჭრილი ჩანაწერის გავრცელებით იერიში მეუფე გერასიმეს ეპარქიაზე მიიტანეს“.
ციანიდის საქმეზე მთავარი მოწმის განმარტებით:
„იერიში მეუფე გერასიმეს ეპარქიაზე მეუფე დიმიტრისა და მეუფე გერასიმეს აწყობდათ. ეს ის მხარეა, რომელსაც მეუფე დიმიტრი და მეუფე პეტრე წარმოადგენენ, მათ სინამდვილეში ალიანსი აქვთ შეკრული და მათ შორის დაპირისპირება არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ციანიდის საქმის შემდეგ დაუპირისპირდნენ, რადგან არ სურთ ერთ აზრზე იდგნენ. ისინი ერთად იბრძვიან სხვა ეპისკოპოსების წინააღმდეგ“.
თეოლოგები ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში მეუფე გერასიმეს პატრიარქობის ერთ-ერთ რეალურ და საკმაოდ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ. შესაბამისად, მათი დასკვნით, გერასიმეს დისკრედიტაცია შეიძლება აწყობდეთ მის კონკურენტებს და ამ კონტექსტში შესაძლოა, ეს მეუფე პეტრეც იყოს.
ციანიდის საქმის მთავარი მოწმე კვლავ რჩება პოზიციაზე, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა და „პრაიმტაიმს“ იმ სცენარის შესახებ უყვება, რომელიც პატრიარქის ლიკვიდაციის შემდეგ განვითარდებოდა:
„ჩემი ინფორმაციით, რაც სასამართლოზეც დავადასტურე და ვთქვი, იყო ის, რომ მეუფე დიმიტრის მეუფე პეტრეს გაპატრიარქების უზრუნველყოფა უნდა გაეკეთებინა. მეუფე დიმიტრი უნდა ყოფილიყო ე.წ. დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელი, რომელსაც პატრიარქის გარდაცვალებიდან ორ საათში ირჩევენ. ეს მე ვიცი ტარას შავშიშვილისგან. ამ კომისიის ხელმძღვანელი წარმართავს პროცესებს 40 დღის მანძილზე საპატრიარქოში, სინოდის მოწვევამდე. მან უნდა მოიწვიოს სინოდი და აქვს ორი ხმის უფლება. აქედან გამომდინარე, მეუფე დიმიტრი, როგორც ნათესავი, დაინიშნებოდა დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელად და მეუფე დიმიტრი მეუფე პეტრეს სასარგებლოდ იმუშავებდა და მის გაპატრიარქებას შეეცდებოდა. ეს იყო მათი გეგმა, რომელიც საბოლოოდ უნდა განხორციელებულიყო ციანიდის სკანდალამდე“.
საპატრიარქოში დარწმუნებულნი არიან, რომ მეუფე გერასიმე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეუფე, ჩანაწერებს არ გააკეთებდა. არც პატრიარქს ჩაწერდა და არც სხვა ვინმეს. ეს გამორიცხულია, დარწმუნებით გვეუბნება საპატრიარქოსთან დაახლოებული წყარო.
რამდენიმე წყაროს მტკიცებით, ჩანაწერებით საპატრიარქოში ოხანაშვილი იყო დაკავებული. როგორც განმარტავენ, ოხანაშვილი, რომელიც ახალაიებმა დაუნიშნეს პატრიარქს დაცვის უფროსად, ამ უკანასკნელმა კი იქ მოსმენების მთელი ქსელი გააბა, პატრიარქს ხელზე სამაჯურს უკეთებდა, სადაც მოსასმენი იყო ჩამონტაჟებული. „დიახ, მაშინ დაინტერესდნენ ამ სამაჯურით ზოგიერთები, ოხანაშვილი კი მათ არწმუნებდა, რომ სამაჯურს პატრიარქს ჯანმრთელობის მიზნით უკეთებდა“, – გვეუბნება წყარო.
ამ ხმაურიან და სკანდალურ ჩანაწერებს, როგორც ჩანს, მართლაც ოხანაშვილამდე მივყავართ. გავლენებისთვის ბრძოლა საკმაოდ სახიფათო ხდება. მეუფე პეტრე პოზიციების დათმობას არ აპირებს და სკანდალების სერიალები გაგრძელდება.
სალომე ჩადუნელი