ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის ადვოკატი: შორენა თეთრუაშვილმა იცრუა

“შორენა თეთრუაშვილმა იცრუა” – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. ის პატრიარქის მდივან-რეფერენტის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას გამოეხმარა, სადაც თეთრუაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქმა კონკორდატი დაარღვია, როცა საპატრიარქოს ქონების განკარგვის უფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისცა.

ადვოკატი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოზე ინფორმაციების გარკვეულ ნაწილში რეალობა დაადასტურა, ხოლო იყო გარკვეული ნაწილი, სადაც მან სცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან ისაუბრა:

„რეალური ის ნაწილი იყო, რომ მართლაც მეუფე იაკობი განაწყენებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე და ჩვენ ეს არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ სწორედ მეუფე იაკობის და შორენა თეთრუაშვილის ჯგუფი დაუპირისპირდა და მეუფე იაკობი სწორედ იმით იყო განაწყენებული, რომ გიორგი მამალაძეს დაევალა, რომ ქონებრივი საკითხებზე განეხორციელებინა სრული მონიტორინგი. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც უშუალოდ პატრიარქს გადააბრალა ვალდებულება შორენა თეთრუაშვილმა, ამ ნაწილში მან ნამდვილად იცრუა, იმიტომ რომ კონკორდატში პირდაპირ წერია, რომ ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს პატრიარქს, აქვს ქორეპისკოპოსს, მდივანს და ასევე პატრიარქის მიერ, უფლებამინიჭებულ ადამიანს,“ – აცხადებს გიორგი ფანცულაია.

შეგახსენებთ, “კურიერმა” შორენა თეთრუაშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ნაწილი გაასაჯაროვა. პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა. ჩანაწერში თეთრუაშვილი აცხადებს, რომ სახელწმიფოსა და საპატრიარქოს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ილია მეორემ გვერდი აურა. ის აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მეუფე იაკობს საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....