ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ დაძაბული ვითარების დროს მას დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაურეკა და უთხრა, რომ საპატრიარქოში გავლენიანი თანამდებობის დატოვება და ეპარქიაში რიგით მღვდლად დაბრუნება სურდა.
აღნიშნული ჩანაწერი, “კურიერმა” მოიპოვა და გაავრცელა:
“მახსოვს მითხრა, რაღაცა პერიოდი მას უჭირდა და მითხრა, რომ მინდა დავრბუნდე, მაგრამ მე მახსოვს თავად ვუთხარი, რომ დღეს, პატრიარქის ასე მიტოვება არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ რახან პატრიარი ასე დაჟინებით ითხოვდა შენს გადაყვანას და მას უნდა მის გვერდში იყო, გარკვეულ წილად არ ჩაითვალოს რომ შენ მას რაღაცნაირად უმუხთლო, ეს მახსოვს. ამ დროს მამა გიორგი იყო კლინიკის ხელმძღვანელიც და თანაშემწეც”- განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, პროკურატურა დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა, რომელსაც მოტივად ანგარებას ურთავდა, ხოლო მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა კი მოტივი შეცვალა და დეკანოზს შურისძიების მიზნით შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. 5 სექტემბერს კი მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.