ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკრებულომ დაპირისპირების შემდეგ მიწებთან დაკავშირებულ საკითხს მხარი დაუჭირა

“დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნამდვილად არ აქვთ მანდატი და საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ნამდვილად შევუწყვეთ ხელი, რომ ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა შეიქმნება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ საკითხი სათანადოდ მომზადებული არ არის, პარკინგის მშენებლობისთვის პროექტს თან არ ახლავს გეოლოგიური და სატრანაპორტო სქემის შესახებ დასკვნები. საკითხების განხილვას საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რა დროის განმავლობაშიც საკრებულოში სხდომის მიმდინარეობა შეჩერებული იყო. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა. საკრებულოში მობილიზებული იყო პოლიციაც.

იტვირთბა....