ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საკვების მიღებაზე უარი სატელეფონო ზარების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო თქვა.
გუშინ გავრცელებულ სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში კი წერია, რომ ბრალდებულმა სატელეფონო ზარი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განახორციელა. უწყების ამ ინფორმაციას ფანცულაია სიცრუეს უწოდენს და ამბობს, რომ დეკანოზს ბოლო დროის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მაღაზიაში პროდუქტი ეყიდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ საკვებზე უარის თქმის შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, სადაც აღნიშნული პროტესტის მოტივი არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც მსჯავრდებულმა ოქმს ხელი არ მოაწერა.
„ყველამ ვიცით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. მინისტრმა დაადასტურა, რომ არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება. როცა გამოაცხადა, რომ საკვების მიღებაზე უარს ამბობს, უნდა შეედგინათ ოქმი და ამ დროს ეკითხათ მოტივი. ამ ოქმზე არ მიუთითეს რეალური მიზეზი და მან უთხრა, რომ ხელს მოაწერდა მხოლოდ მაშინ, როცა მოტივს მიუთითებდნენ.
ეტყობა ისე დაარეგისტრირეს, თითქოს, უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ასევე, თუ ტელეფონი გაფუჭებული იყო, რატო მუთხრეს დაგარეკინებდით შვილის დაბადების დღის მისალოცად თუ რეკავდიო. ბოლო დროს არ არეკინებდნენ, ვერ იღებდა საკვებს და მაღაზიაში არ აძლევდნენ საშუალებას ეყიდა რაიმე. პროტესტის ეს ფორმაც ამიტომ გამოაცხადა“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძის პროტესტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები ამბობენ, დეკანოზს ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მან საკვების მიღებაზე უარი განაცხადა.
ამის შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ციხეში ტექნიკური პრობლემა იყო.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და ფიქრობს, რომ ის გაწირეს.