“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ეხმაურება და ამბობს, რომ კალაძეს შანსი არ აქვს, დედაქალაქის მერი გახდეს. ხატიაშვილმა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს მოუწოდა კოალიცია შექმნან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალბდეს და კალაძე ქალაქის მერი არ გახდეს.
მისი თქმით, კაცი რომელიც დაზარალებულებს არ ხვდება, ის კარგი მერი ვერ იქნება. ხატიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ბინძური მეთოდებით იბრძვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მოუწოდებენ, რომ დანაპირები შეასრულონ. ადვოკატი დაუშვებლად მიიჩნევს დაზარალებული ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და იმის ძახილს, რომ ისინი სააკაშვილისგან არიან მიგზავნილები.
“სად გაგიგიათ, რომ ვინმე ხატიაშვილის მიერ იყოს მიგზავნილი? კალაძე ამას იმიტომ ამბობს, რომ ვიცი, როგორი სამარცხვინო მერი იქნება. თბილისის მერი რომ გახდეს, თქვენ რას გეტყვით? კალაძეს ამას არ ვაპატიებ, მაგრამ მას სასამართლოში არ ვუჩივლებ. თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან ვივლი და შევეცდები, დავარწმუნო, რომ გაერთიანდნენ, კოალიცია შექმნან, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს და ამ სამარცხვინო ადამიანმა არ გაიმარჯვოს. ოპოზიციამ კალაძის სახე უნდა აჩვენოს.
ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ, კალაძის ინგა გრიგოლიასთან სტუმრობა გაიხსენეთ, სადაც თქვა, მხარს მიშას ვუჭერო. კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?”, – აღნიშნა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, კახი კალაძემ “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებს მიმართა, რომ მასთან “სააკაშვილის კუდრაჭამ” ხატიაშვილმა მიაგზავნა.