ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების დიდი ნაწილი მმართველ პარტიაზე მოდის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) დაკვირვებით, მიმდინარე წლის 5-დან 27 სექტემბრის პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის – 13, ძალადობრივი ქმედების – 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის – 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის – 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 3, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 1 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა და საეჭვო შემოწირულობის 2 ფაქტი.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დარღვევების ძირითადი ნაწილი მმართველ პარტიაზე მოდის.

“განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. ასეთი ფაქტები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. მათგან რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლების დაემუქრნენ. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ის ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა”,- ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

 

იტვირთბა....