ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2017 წლის 6 სექტემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ჩატარებისთვის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე  ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას  დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით ახდენდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის (,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11  მუხლი და 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი) თანახმად,  გზისთვის ვარგისობაზე  ტესტირებას ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კილოგრამს აღემატება.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა  სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ერთ-ერთი კომპანიის ტესტირების ცენტრის  სერთიფიცირებული 2 ინსპექტორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამთავრობო დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის -„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები“  მოთხოვნების უგულებელყოფით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს გზისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათები და შესაბამისი ფირნიშები, რაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულობას ადასტურებდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 6 წლამდე ვადით.

იტვირთბა....