ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მორიგი ფინანსური პირამიდა და 300-მდე დაზარალებული: მეანაბრეები რეაგირებას ითხოვენ

საკრედიტო კომპანია „ევროკრედიტის“ მეანაბრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და სამართალდამცველებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ”ევროკრედიტს” 300-მდე დაზარალებული ჰყავს, ხალხის მიერ დაკარგული თანხა კი, 4 მილიონამდე ლარია.

კომპანიის მფლობელი, ქეთევან ყაყიტაშვილი აცხადებს, რომ კრიზისი საფინანსო კომპანია ”საქართველოს” გაკოტრების შემდეგ დაიწყო, რასაც მეანაბრეებში პანიკა მოჰყვა და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მისი კომპანიიდან თანხის გატანა ერთდროულად მოისურვა. ახლა საგამოძიებო უწყებისგან დოკუმენტაციის დაბრუნებას ითხოვს და დაზარალებულებისთვის თანხის სრულად ანაზღაურების პირობას დებს.

თუმცა, მეანაბრეებს მისი არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ყაყიტაშვილმა ისინი მოატყუა და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ. მეანაბრეთა უფლებადამცველები სახელმწიფოსგან, მოქალაქეების დაზარალებულად ცნობასა და საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავსი პრობლემების პრევენციის მიზნით, სახელმწიფომ მიდგომა უნდა გაამკაცროს და ასეთი ბიზნეს საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს, რათა სხვა ადამიანებს მსგავსი ბიზნეს-მოდელის შექმნის სურვილი არ გაუჩნდეთ.

მსგავსი კომპანიების საქმიანობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არ ექცევა, შესაბამისად, ბანკს საზოგადოებისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებისა და გაფრთხილების საშუალება აქვს.

ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, რომ 3 თვის წინ დაწყებული გამოძიება გრძელდება, მოწმეთა გამოკითხვები და დოკუმენტაციის რევიზია მიმდინარეობს.

თაკო სურგულაძე

rustavi2

იტვირთბა....